მსოფლიო კინოვარსკვლავი და სახალხო სიყვარულით განსაკუთრებულად განებივრებული ფრანგი მსახიობი პიერ რიშარი დღესდღეობით ქალაქ ნარბონთან, ზღვის პირას, ულამაზეს ადგილას ცხოვრობს. მის შატოს ასეულობით ტურისტი სტუმრობს, თუმცა, იმ დღეს ძალიან ამაყი ვიყავი იმით, რომ პიერ რიშარი პირადად გვმასპინძლობდა მე და ჩემს ოჯახს.

ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ამ უდიდესი ფრანგი მსახიობის მიმართ მის მიერ შესრულებულ კინოშედევრებთან ერთად, მაინც ქართულ კინოს და ნანა ჯორჯაძის ფილმს – “კულინარის 1001 რეცეპტს” – უკავშირდება, სადაც პიერ რიშარი მზარეულის როლს თამაშობს. ამ ფილმის ნახვისთანავე თვალწინ დამიდგა ჩემი წინაპრების ოჯახის ისტორია, როცა ლეჩხუმიდან ქუთაისში ჩამოსულ ჩემს დიდ ბაბუას წვალებით და შრომით აკოწიწებული ბიზნესი ზუსტად ასე აურ-დაურიეს, ააწიოკეს, წაართვეს ყველაფერი და ციხეშიც ჩასვეს.

სხვათა შორის, ამავე ფილმიდან განსაკუთრებულად შემიყვარდა თავად ქალბატონი ნანა ჯორჯაძეც და როცა შემდგომ ქართულ ღვინოზე ფილმის გადაღება გადავწყვიტე, სხვა რეჟისორის მოწვევაზე არც მიფიქრია… ჩვენს შემეცნებით-დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ქართული ღვინის წარსულს, აწმყოს და მომავალს ეხება, პიერ რიშარსაც იხილავს მაყურებელი.

ჩემთვის სათაყვანებელი მსახიობისა და მეღვინის გასაცნობად, ოჯახთან ერთად, სპეციალურად ვეწვიე საფრანგეთსა და პიერ რიშარის ულამაზეს შატოს “ დომენ ბელემეკს”.

ვიდრე პიერ რიშარის პირისპირ აღმოვჩნდებოდით, ჭიშკრიდან შატომდე მწვანეში ჩაფლული საკმაოდ გრძელი ეზო გავიარე, ჩემს 4 წლის შვილ მაქსიმესთან და მეუღლესთან, ესმასთან ერთად. მასპინძელი გველოდა და კარიც თავად გაგვიღო. „კულინარმა“ თავიდანვე სამზარეულოში მიგვიწვია და მეუღლე გაგვაცნო, რომელიც ულამაზესი ბრაზილიელი ქალბატონი აღმოჩნდა. შემდეგ სახლი და მარანი დაგვათვალიერებინა და თავის სამუშაო კაბინეტში მიგვიწვია. ჩვენი დიალოგიც აქ შედგა.

თავდაპირველად, პიერ რიშარმა გაიხსენა, როგორ დაინტერესდა მეღვინეობით:

– ჩემს ირგვლივ ბევრი იყო პროფესიონალი და ღვინის საკითხში კარგად გათვითცნობიერებული ადამიანი, რომლებიც მესაუბრებოდნენ ვაზზე და ყურძენზე და მალე ვიყიდე კერძო სახლი სწორედ იმიტომაც, რომ მქონოდა ადგილი და შესაძლებლობა, სადაც ღვინით დავკავდებოდი. შემდგომ უფრო და უფრო დავინტერესდი ამით.

მივხვდი, რომ ეს იყო ისეთი საქმიანობა, რომელიც ანაცვლებდა კინოს. ამავე დროს, იყო ძალიან განსხვავებული და თვითმყოფადი გარემო.

აგერ უკვე 30 წელია, რაც მეღვინეობას ვეწევი, რა თქმა უნდა, კინოსა და თეატრთან ერთად. ჩემი და მეხმარება, ის განაგებს საბუღალტრო საქმეებს. მე, ძირითადად, ვაზის ჯიშების შერჩევით ვარ დაკავებული. აქაური ჯიშები ბევრნაირია: “სიღა”, “გრენაში”, “კაღინიონი”. ჯიშების ერთმანეთთან შეჯერებაში ჩემი ენოლოგი მეხმარება. თან, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, თითქმის ყველგან მიწევს ცხოვრება: ვიყავი მოსკოვში, პრაღაში, ბერლინშიც და თუ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოშიც მომიწევს წამოსვლა, თბილისში, მაგალითად, უარს არ ვიტყოდი. თან, საქართველო ხომ ღვინის ქვეყანაა.

– ბატონო პიერ, ქართველები გაღმერთებთ. არამხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ითამაშეთ ნანა ჯორჯაძის ფილმში “კულინარის 1001 რეცეპტი”, რომელიც საკმაოდ წარმატებული ფილმი გახდა, არამედ ყველა იმ ფილმისთვის, რომლებშიც თქვენ თამაშობთ და რომლებსაც თაობები უყურებენ.

– დიახ, ნანას არამხოლოდ ეს ნამუშევარი, არამედ თითქმის ყველა ფილმი ძალიან ცნობილია. სხვათა შორის, როცა ნანას ფილმში მიღებდნენ, ჯერ არ ვიყავი მეღვინე, მაგრამ ფილმში ქართველ მეღვინეებს ვეხმარებოდი და მათთან ერთად მიწევდა ღვინის დაგემოვნება. თუ გახსოვთ ის კადრი, როცა ღვინოს ვსინჯავ და ვამბობ, “ოჰ, ოჰ, ეს შუშხუნაა, ეს ძალიან კარგია, ეს ძალიან, ძალიან კარგია“… რას წარმოვიდგენდი მაშინ, რომ მართლა მეღვინე გავხდებოდი (იცინის)… აი, ახლა კი, ჩემს შატოში, ენოლოგთან ერთად, გრადუსებიანი საწრუპით თებერვალში ვიღებ ღვინოს კასრებიდან, შემდეგ ვაზავებთ, ერთად ვაჯერებთ. მერე კი ვსინჯავ და ვამბობ, რომელი გემოც მომწონს.

– იქნებ, ისიც გაიხსენოთ, როგორ აღმოჩნდით ქართველი კულინარის როლში, ვინ დაგიკავშირდათ პირველად?

– მახსოვს, ნანა მოვიდა ჩემს სანახავად მულენში, ღამბუიეში. ნანას მოსწონდა დრამატული ჟანრის ფილმები, მე თითქოს არ ვიყავი მთლად მისი ჟანრის ფილმის შესაფერისი მსახიობი. მაგრამ მან მითხრა, რომ ჩემს თვალებში დაინახა რაღაც ემოცია.

ზუსტად ამ პერიოდში ჟორჟ ფედოს პიესას ვთამაშობდი. ეს იგივე ჟანრი არაა, რაც ნანას ჟანრი (სიცილით), ეს სუფთა კომიკური ჟანრია. ნანა მოვიდა ფედოს პიესაზე ჩემს სანახავად. მერე მან მითხრა კიდეც, რომ კიდევ კარგი, მანამდე სხვა როლში მყავდი ნანახი, თორემ ნამდვილად არ აგიყვანდიო (სიცილით).
თბილისში გადაღებებზე ჩამოსვლა ზაფხულში მომიწია. ქართველებთან ერთად მუშაობა ჩემთვის განსაკუთრებული იყო, რადგან ისინი სრულიად განსხვავდებიან ფრანგებისგან (იცინის). არასდროს იცი, როდის იწყებ და არ იცი, როდის ამთავრებ მუშაობას. დილის 09:00 საათზე გეძახიან: “გამოდი!” მაგრამ ცხრაზე არასოდეს ვიწყებდით. ამ და სხვა უცნაურობებზე 8 გვერდი დავწერე. ამიტომაა, რომ ძალიან მიყვარს ქართველები. სამსახურის შემდეგ, ღამის 2 საათზე მივდიოდით საჭმელად, გადაქანცულები ვიყავით, მაგრამ მაინც კარგი იყო მოლხენა.

– ფილმის სიუჟეტი ძალიან რთულ ვითარებას, კომუნისტების ეპოქას ასახავს. თქვენი პერსონაჟი საქართველოს ამ ეპოქის ძალიან სახასიათო ფიგურაა. ეს ის ისტორიაა, როდესაც კომუნისტების მიერ ღატაკდებიან მესაკუთრეები. მაგალითად, იგივე ჩემს ოჯახშიც მოხდა, ჩემს დიდ ბაბუას ყველაფერი ჩამოართვეს ბოლშევიკებმა, მერე კი მისი ყოფილი ქონების და საქმის მმართველად ჯამაგირზე აიყვანეს, სანამ 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის არ დაიჭირეს. ანუ, მე იმის თქმა მინდა, რომ ასეთი ამბები ძალიან ხშირად ხდებოდა მაშინ.

თქვენ ამბობთ, რომ მოგეწონათ საქართველო, საინტერესოა, კონკრეტულად რამ მოგხიბლათ ქართველებში, ქართულმა ხასიათმა?

– მე მსგავსი დახვედრა არსად მინახავს. პირველ დღეებში, როდესაც ღამის 2 საათზე ვიღვიძებდი გადაღებისთვის, მთელი გუნდი ადგილზე იყო. როცა სხვა ქვეყანაში ჩადიხარ, გადაღებებზე პროდიუსერია, რეჟისორი და 2 თუ 3 კაცი. თქვენთან მთელი გუნდი იყო ადგილზე: მოტორი, ტექნიკოსი, განათება – ყველა აბსოლუტურად. და 3 თვის შემდეგ, როცა მივდიოდი საქართველოდან, გადამღები გუნდი აეროპორტში მთელი შემადგენლობით მაცილებდა. იქ იყო ყველა – ტექნიკოსიდან დაწყებული, გამნათებლით დამთავრებული, ყველაზე უმნიშვნელო ფუნქცია ვისაც ეკისრა, ისიც კი იქ იყო. დამამახსოვრდა ასევე ერთი ქართველი, რომელიც ტიროდა კიდეც.

ქართველები მთელი გრძნობით ცდილობენ, სადღესასწაულო გარემო შექმნან. მთელი გულით იციან ქეიფი, მოლხენა და ამავდროულად – ცრემლნარევი გამომშვიდობება. მე დაუვიწყარი მოგონენები მაკავშირებს საქართველოსთან და ქართველებთან. თუ მომეცემა შესაძლებლობა, დიდი სიამოვნებით ჩამოვიდოდი თბილისში. ქართველებმა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემში იმიტომ, რომ ძალიან “გიჟები” არიან (იცინის)…

– თუ გაგისინჯავთ მაშინდელი ქართული ღვინოები: მუკუზანი, მაგალითად, ან სხვა?..

– მაშინ უფრო ლუდს ვსვამდი, ქართული ღვინო არ მომწონდა. მახსოვს, ერთხელ ერთ საინტერესო რესტორანში ვიყავით, ქართველები შუადღის 12:00 საათზე არასდროს ჭამენ, მე კი ყოველთვის მშიოდა ამ დროს, ჩემი ტრადიციიდან გამომდინარე. ეს ძალიან პატარა და უბრალო რესტორანი იყო, სწორედ იქ მომიტანეს ღვინო “მუკუზანი 78”, გავსინჯე და ვთქვი: “საუკეთესო ბორდო!”. ვიკითხე, თუ საიდან ჰქონდათ მათ ეს ღვინო. მომცეს მისამართი თბილისში და ჩემს ორ პირად დაცვასთან ერთად წავედი (პირადი დაცვაც მყავდა. მახსოვს, ორივეს დათო ერქვა), ვიკითხე “მუკუზანი 1978”, ექვსი ბოთლიღა ჰქონდათ დარჩენილი და ექვსივე წამოვიღე.

– ფილმი, რომელშიც თქვენ მიიღეთ მონაწილეობა, ქართველებისთვის ძალიან საყვარელი ფილმია. რას იტყოდით თქვენს როლზე?

– მე, საერთოდ, კომიკოსი მსახიობი ვარ, ეს იყო დრამატული პერსონაჟი, უფრო სწორად – კომიკურ-დრამატული. როდესაც ამ პერსონაჟს ვანსახიერებდი, ვგრძნობდი, რომ ჩემი კომიკური როლებიდან განსხვავებით, სულ სხვა როლს ვთამაშობდი. მაშინ მივხვდი, თუ რატომ მოვიდა ნანა ფედოს პიესაზე ჩემს სანახავად. ანუ უნდოდა, ენახა, გამოვდგებოდი თუ არა ფილმის მეორე ნაწილისთვის. ფედოს პიესა კომიკური ჟანრის იყო. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ფილმს პარიზის ეკრანებზე დიდი წარმატება არ მოჰყოლია, რადგან აგვისტოს თვეში გამოვიდა. მან აიღო პრიზი ლოს ანჟელესში. საერთოდ, ნანას შემოთავაზებებზე დაუფიქრებლად ვთანხმდები. ერთი თუ ორი წლის უკან ის მირეკავს და მეუბნება: “პიერ, ითამაშებ ჩემს ფილმში?” მე მაშინვე ვთანხმდები : “კი, ნანა” და ვეკითხები: “გადაღებები როდისაა?” ის მპასუხობს: “15 დღეში”. კიდევ კარგი, რომ არ მითხრა, “სამ დღეში იწყებაო’’(იცინის).

– ამ ფილმის შემდეგ თუ ყოფილხართ კიდევ საქართველოში გადაღებებზე?

– კი, მაგრამ როგორ იყო, იცით, ამ ფილმის შემდეგ კიდევ ერთხელ მივიღე მონაწილეობა ნანას ფილმში “27 დაკარგული კოცნა”, მაგრამ გადაღებები საბერძნეთში იყო.

– ახლა ღვინის ბიზნესში გადავინაცვლოთ, რა გეგმები გაქვთ ამ მხრივ, სხვა მიწის ყიდვას ხომ არ აპირებთ ღვინის საქმიანობის გასაფართოებლად?

– არა, მე არ ვარ კომერსანტი. მე მიყვარს პარიზი და აქაურობა. პარიზის შემდეგ, ჩემი მეორე ფესვები აქაა. არ მაქვს სურვილი, ყველგან მოვედო.

– რას იტყვით ქართულ სამზარეულოზე?

როცა გავსინჯე, ეს არ იყო ჩვენი სამზარეულოს მსგავსი, მაგრამ მაინც ძალიან მომეწონა. გადაღებების დროს, ძირითადად, ჩვენ თვითონ გვიწევდა საჭმლის მომზადება, ხოლო როდესაც რესტორანში ვიყავით, სიმართლე გითხრათ, თამადა არ მაცლიდა ჭამას (იცინის), მაშინვე სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ხოლმე.

– როგორი აზრი გაქვთ ქართული სადღეგრძელოების ტრადიციაზე?

– ვფიქრობ, რომ საინტერესო ტრადიციაა. ძალიან მგრძნობიარედ და პოეტურად ამბობენ ხოლმე სადღეგრძელოებს. სულ დავიზეპირე, რა და რა სადღეგრძელოებია: არის სიცოცხლისა და ღირსების, ქალების, მიცვალებულებისა და იმ ხალხის სადღეგრძელო, ვისაც ჩვენთან უნდა ყოფნა და არ არიან, ხოლო ოჯახის წევრების, ასე რომ ვთქვათ, სულ 3-4 ძირითადი სადღეგრძელოა. ჩვენ გვყავდა პროდიუსერი, რომელსაც კარგად ეხერხებოდა თამადობა. პოეტობაც შეეძლო, თან ისე ომახიანად და პირქუში სახით იტყოდა სადღეგრძელოს, იფიქრებდი, სვანიაო (იცინის).

– მეც სვანი ვარ…

– სვანი ხართ? აჰა, ე.ი. თუ ქართველი ხართ, სვანიც იქნებით (კვლავ იცინის. მეც მეცინება მის ფრანგულად შეზავებულ იუმორზე). ჰოდა, ჩვენმა პროდიუსერმა განსაკუთრებულად ლამაზად და გრძნობით იცოდა ხოლმე ცაზე და ვარსკვლავებზე სადღეგრძელოები. ჩემმა დაბადების დღემ, რომელიც 16 აგვისტოსაა, 3 დღეს გასტანა მათთან. ორკესტრიც გვყავდა და სადაც წავიდოდი, უკან მომყვებოდა მუსიკით. ანუ აქეთ-იქით დადიოდა სულ. ვფიქრობდი, როგორ აპირებდნენ ფილმის გადაღებას იმისთანა ქეიფების მოწყობის შემდეგ… ერთხელ ვიკითხე: “დღეს გადავიღებთ?” მიპასუხეს: “არა, ვახშმისთვის უნდა მოვემზადოთ”. მოულოდნელი რამ მაჩუქეს – დიდი სანადირო თოფი…

ერთი ტიპი გვყავდა, რომელიც ციფრული კამერით იღებდა ჩვენს გადაღებებს. აი, ეს იყო ყველაზე დიდი კომიკური ჟანრის ფილმი. იყო საღამოები, როდესაც მე ვაწყობდი ვახშამს (ფილმში ასეა), სადაც იყო შესანიშნავი კერძები, კიბორჩხალები და ა.შ. და როდესაც მაგიდას მიუსხდებოდნენ, სანამ მოტორს ჩართავდნენ, უკვე ყველაფერი შეჭმული ჰქონდათ. ვამბობდი, აბა, ამას ხომ ვეღარ გადავიღებთ-მეთქი და მერე იწყებდნენ ხელმეორედ საჭმელების დამზადებას (იცინის).

– როდესაც გადაღებებზე საქართველოში მოგიწიათ ყოფნა, ძალიან რთული პოლიტიკური ვითარება იყო, ეს იყო საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდი, არ იყო დენი და ბევრი სხვა რამ…

– დიახ, როდესაც საქართველოში ჩავედი გადაღებებზე, იმ პერიოდში იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ტელევიზორში აჩვენებდნენ თმებაჩეჩილ შევარდნაძეს, სისხლით დასვრილი მაისურით. ვითომ ამჟამად სიმშვიდეა… მაგრამ, როგორც ჩანს, პრობლემები ისევაა აფხაზეთის, რუსეთის. პოლიტიკურად ვითარება ცოტა რთულადაა.

– ამჟამად ვითარება ბევრად დალაგებულია, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერთო ჩვენს საქმეში. იმედი გვაქვს, რომ ნატოშიც შევალთ…

– რატომაც არა, თქვენ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი ხართ!..

– მაშინდელი ვითარება რომ იყოს ისევ, რას მოუწოდებდით, რას ურჩევდით ქართველებს?

– არ ვიცი… მახსოვს, ქართველები ამბობდნენ, ჩვენ ღარიბები კი არა, გაღატაკებულები ვართ, რადგან რუსებმა ყველაფერი წაიღესო… მე მხოლოდ ერთს ვეტყოდი: “შეინარჩუნეთ თქვენი იდენტობა, რადგანაც ის ძალიან ღრმაა, ძალიან საინტერესო და ძალიან განსხვავებულია”.

– დიდი მადლობა…

ეპილოგის მაგიერ

პიერ რიშარი თავისი ვენახების ღვინოს გვჩუქნის და გვემშვიდობება, ჩემს პატარა მაქსიმეს წამოსვლა არ უნდა, პიერ ბაბუას ეძახის და ფეხს ითრევს… ყველანი ერთმანეთს ვკოცნით და მომავალ შეხვედრას საქართველოში ვგეგმავთ (ჩვენი ფილმისთვის).

ჩვენ ემოციებითა და საყვარელ მსახიობთან განშორებით გულდაწყვეტილები მანქანაში ვსხდებით და ის-ისაა, უნდა დავიძრათ, ვხედავთ, რომ ჩვენი მასპინძელი პიერი მორბის და ხელს გვიქნევს: “მოიცადეთ, მოიცადეთ!” ბუნებრივია, მანქანას ვაჩერებ და თან ვფიქრობ, ნეტა, რა მოხდა?

“წასვლისას კიდევ ერთი უნდა დავლიოთ” – გვეუბნება მასპინძელი და კვლავ მარანში გვაბრუნებს. ისევ ვსვამთ, ისევ ვსაუბრობთ ღვინოზე, საფრანგეთსა და საქართველოზე. შემდეგ ისევ გადავკოცნეთ ერთმანეთი, დავემშვიდობეთ მასპინძელს, კვლავ გამოვიარეთ მისი უზარმაზარი ეზო, ჩავჯექით მანქანაში. ინსტინქტურად ვიხედები შატოსკენ. ვხედავ, ისევ ხელების ქნევით მორბის პიერი, ისევ ყველანი გადავდივართ მანქანიდან და ვკითხულობთ, რა ხდება?
– აი, ნახე! – გვეუბნება, – ნამდვილი მისტიკაა, ახლა ჩემი მეგობარი რეჟისორის SMS მომივიდა ტელეფონზე, სადაც მწერს, რომ ახლახანს ნანა ჯორჯაძის ფილმში გნახე და ისეთი დაინსპირირებული ვარ საქართველოთი, უკვე აეროპორტის გზაზე ვარ და მივდივარ ამ ქვეყანაში, რომ შევათვალიერო ჩემი ფილმისთვის გადასაღები ადგილიო… ბუნებრივია, ყველამ აღფრთოვანება გამოვხატეთ, გავიცინეთ, გავმხიარულდით, ისევ მივბრუნდით მარანში, დავლიეთ, ვისაუბრეთ და ისევ დავემშვიდობეთ ერთმანეთს… ისევ გავიარეთ მისი შატოს მწვანეში ჩაფლული საკმაოდ გრძელი ეზო და მანქანამდე მისულიც არ ვართ, რომ კვლავ მასპინძლის ხმა გვესმის, მოირბინა კიდევ ერთხელ ჩვენთან, ხელში უჭირავს აიფონი, რომლის საშუალებითაც მსოფლიო სიახლეებს გებულობს ხოლმე და გვეუბნება: “აი, ახლა კი, ტრაგიკული ამბავი უნდა გითხრათო”. ჩვენ დავიძაბეთ. “აი, ის გაჩეჩილი და სისხლიანმაისურიანი კაცი გარდაიცვალა, თბილისში სტუმრობისას ტელევიზორში რომ ვნახეო”.

პიერ რიშარისგან შევიტყვეთ ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალება… მართლა მისტიკური იყო ის დღე.

შალვა ხეცურიანი