1976 წლის 26 მაისი, პარიზი. იმ დროის საფრანგეთის 11 ცნობილი ექსპერტი გულმოდგინედ ათვალიერებს, ყნოსავს და აგემოვნებს ღვინის ნიმუშებს. თავისთავად, ამ ფაქტში თითქოს არაფერი უცნაური და განსაკუთრებული არ არის. საფრანგეთში ყოველწლიურად უამრავი ღვინის კონკურსი თუ დეგუსტაცია იმართება.

დეგუსტაციის ორგანიზატორი იყო სტივენ სპერიერი, პარიზში მოღვაწე ბრიტანელი ღვინით მოვაჭრე- ექსპერტი. მან მოიწვია იმ დროისთვის ყველაზე ცნობილი ღვინის ექსპერტები და ჟურნალისტები ბურგუნდიული და ბორდოს ღვინის შესაფასებლად. ეს რაც შეეხება ფორმალურ მხარეს, მაგრამ რეალურად ნიმუშებში შერეული იყო კალიფორნიული ღვინის ნიმუშებიც. სიტუაციის ინტრიგა მდგომარეობდა იმაში, რომ კონკურსი ბრმად მიმდინარეობდა, ანუ მონაწილეებმა არ იცოდნენ, თუ რომელ ნიმუშს აფასებდნენ, ყველა ბოთლი შეფუთული იყო. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ფრანგული ღვინის ისეთი შედევრები, როგორიც არის “შატო ლატუღი“ (Chateau Latour) “შატო ოტ-ბღიონ“ (Chateau Haut-Brion) და სხვა ფრანგული ღვინის ბრწყინვალე ნიმუშები.

კონკურსის შედეგები შოკისმომგვრელი იყო, პირველ რიგში, მასში მონაწილე შემფასებლებისთვის. საუკეთესო თეთრ ღვინოდ აღიარეს Chateau Montelena Chardonnay (1973) კალიფორნიის ნაპას ველიდან. მან უკან ჩამოიტოვა ათასწლოვანი ისტორიისა და უმაღლესი რეპუტაციის საკულტო ბურგუნდიული თეთრი ღვინის ნიმუშები. წითელი ღვინის კატეგორიაში საუკეთესოს სტატუსი მიენიჭა ასევე ნაპას ველის წარმომადგენელს – Stag’s Leap Cabernet (1973), ღვინოს, რომლის ისტორია მხოლოდ 2 წელს ითვლიდა.

ეს თარიღი და მოვლენა ღვინის ისტორიაში შევიდა “ყველაზე უფრო დრამატული და მნიშვნელოვანი დეგუსტაციის“ სახელით. მეოცე საუკუნის 70-იან წლებამდე ახალი სამყაროს ღვინის მწარმოებლებს სერიოზულ მოთამაშეებად არ განიხილავდნენ. ისინი ითვლებოდნენ იაფფასიანი, დაბალი ხარისხის ღვინის მწარმოებლებად, რომლებიც ძირითადად ლოკალურ ბაზრებზე ოპერირებდნენ. ფრანგული ღვინო დამსახურებულად მეფობდა ღვინის სამყაროში და ყველაზე შავბნელ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ ბორდოს და ბურგუნდიის ლეგენდარული მეტრები, რომ ღვინის ოლიმპზე ჩაჩოჩება და ამერიკელი კოლეგებისთვის მცირე, მაგრამ მაინც ადგილის დათმობა მოუწევდათ.

ამერიკელების ენთუზიაზმმა და წარმატებამ იმედი ჩაუსახა ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჩილესა და სხვა ქვეყნების მეღვინეებს და ფაქტობრივად, დააჩქარა თანამედროვე ღვინის ისტორიაში გლობალური ცვლილებების გარდაუვალი პროცესი – ჩამოყალიბდა და სწრაფი ტემპებით დაიწყო განვითარება კატეგორიამ, რომელიც დღეს “ახალი სამყაროს ღვინის“ სახელით არის ცნობილი.

იმისათვის, რომ რაოდენობრივად შევაფასოთ ეს კატეგორია, მოვიშველიოთ გლობალური სტატისტიკის მონაცემები* – დიაგრამა №1.
განვიხილოთ იმპორტირებული წყნარი ღვინის მოხმარების დინამიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და ჩინეთში. ეს ქვეყნები ღვინის მწარმოებლებისთვის ითვლებიან ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ბაზრებად. ამ 4 ქვეყანაში მოიხმარენ მსოფლიოში იმპორტირებული წყნარი ღვინის მოცულობის 50%-ზე მეტს და შესაბამისად, თავის დამკვიდრება და წარმატების მიღწევა ამ ბაზრებზე განაპირობებს კატეგორიის საერთაშორისო სტატუსის აღიარებას.

მკითხველს ვთხოვ, ყურადღება მიაქციოს იმ ფაქტს, რომ ამ გათვლებში არ განიხილება ლოკალური, ადგილობრივი ღვინის მოხმარება, საუბარია იმპორტირებული წყნარი ღვინის მოხმარებაზე. ასევე, არ ვითვალისწინებთ საფრანგეთში, იტალიაში და ესპანეთში მოხმარებული ღვინის სტატისტიკას – როგორც ცნობილია, ამ ქვეყნებში მიირთმევენ ძირითადად ადგილობრივ ღვინოს და უცხოური ღვინის მოხმარების წილი 1%-ს არ აღემატება, ამ მხრივ საქართველოც არ გამოირჩევა უცხოური ღვინის მიმართ დიდი ინტერესით.

მე -20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ახალი სამყაროს ქვეყნებმა უკვე საგრძნობ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა იმპორტირებული წყნარი ღვინის მოხმარების სეგმენტში მათი წილი მხოლოდ 7%-ს შეადგენდა (105,5 მლნ.ლ), მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 10 წლის წინ ეს ციფრი თითქმის 0%-ს შეადგენდა. იმ პერიოდში ერთპიროვნული ლიდერის როლი რა თქმა უნდა ძველი სამყაროს წარმომადგენლებს ეკავათ 81%-ით (1255,4მლნ.ლ), ხოლო 12% -ით წარმოდგენილნი იყვნენ სხვა ქვეყნის ღვინოები (აღმოსავლეთ ევროპა, ჩრდილოეთ აფრიკა, ყოფილი სოც. ბანაკის ქვეყნები და ა.შ.).

1993 წლიდან 2013 წლამდე 20 წლის განმავლობაში იმპორტირებული წყნარი ღვინის მოხმარების ჯამური მოცულობა 1543 მლნ. ლიტრიდან 3336 მლნ. ლიტრამდე გაიზარდა, რაც 116% -ს შეადგენს. საინტერესო სურათს დავინახავთ თუ ჯამური ზრდის ფონზე კატეგორიების ზრდის სიჩქარეებს შევადარებთ: ძველი სამყაროს კატეგორია გაიზარდა +61%-ით, ხოლო ახალი სამყაროს კატეგორია +978%-ით, 1055 – დან 1136,9 მლნ. ლიტრამდე. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა მოხმარების წილმაც: ძველი სამყაროს კატეგორიის წილი შემცირდა 61%-მდე, სხვა ქვეყნების წილი ასევე შემცირდა 12-დან 5%-მდე, ხოლო ახალი ქვეყნების კატეგორიის წილი გაიზარდა 7%-დან 34%-მდე. დამეთანხმებით, ფანტასტიურის გარდა სხვა სიტყვის გამონახვა ძნელია ამ რეზულტატის დასახასიათებლად.
ანალოგიური სურათი მეორდებოდა ამ პერიოდში სხვა ქვეყნების ბაზრებზეც, რასაც არ შეიძლებოდა, არ გამოეწვია ღვინის სამყაროში ის “ტექტონური“ ძვრები, რისი მოწმენიც დღეს ვართ. თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ ტოპ 10 ღვინის მწარმოებელი ქვეყანის პოზიციები კატეგორიის მიხედვით – დიაგრამა 2.

როგორც ვხედავთ, ძველი სამყაროს წილი 50%-ის ფარგლებშია, მაშინ, როცა 30-40 წლის წინ ეს კატეგორია ერთპიროვნული ლიდერი იყო. ახალი სამყაროს ღვინის წარმოების წილი კი უკვე 45%-ს შეადგენს. მისი წილის გაზრდა მოხდა ძირითადად ძველი სამყაროსა და უმნიშვნელოდ სხვა ქვეყნების წილის შემცირების ხარჯზე. მკითხველი, ალბათ, ყურადღებას მიაქცევს ჩინეთის, როგორც ღვინის მწარმოებლის 5% წილს. ეს ფაქტი გლობალურ ღვინის სამყაროში მიმდინარე ძვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. ის პროგრესი, რის დემონსტრირებასაც ეს ქვეყანა ახდენს ბოლო 10-15 წლის მანძილზე, არ შეიძლება, არ შეხებოდა ღვინის წარმოებასაც. მართალია, ამ ქვეყანაში ღვინოს ძირითადად დიდ ქალაქებში სვამენ და როგორც ექპორტიორი, ეს ქვეყანა ჯერ არსად არ ფიგურირებს, მაგრამ დემოგრაფიული თავისებურებებისა და ვესტერნიზაციის ტენდენციებიდან გამომდინარე, ამ ფაქტის ახსნა არც თუ ისე ძნელია.

მიუხედავად აღნიშნული ცვლილებებისა, ძველი სამყაროს ლიდერები – საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი – მაინც ინარჩუნებენ მწარმოებელი ქვეყნების საპრიზო ადგილებს, მაგრამ საკმაოდ დრამატული კონკურენციის მოწმენი ვხდებით ბოლო წლების მანძილზე. საფრანგეთი, როგორც ბოლო რამდენიმე საუკუნის ერთპიროვნული ლიდერი, უკვე თმობს პოზიციებს. მართალია, ფინალური გლობალური ანგარიშები რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება (არ არის გამორიცხული, რომ ამ სტატიის წაკითხვის დროს ისინი უკვე არსებობდნენ), მაგრამ უკვე ცხადია, №1 ქვეყანა მწარმოებელი დღეს იტალიაა, მეორე ადგილზეა საფრანგეთი და მესამეზე – ესპანეთი.

შევეცადოთ, ჩამოვაყალიბოთ ის პრინციპები, რამაც განაპირობა ახალი სამყაროს ღვინოების წარმატება:
 რბილი და მოქნილი ღვინის კანონმდებლობა;
 მევენახეობა – მეღვინეობაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა;
 თანამედროვე, ინოვაციური მარკეტინგი;
 ხარისხი/ფასის ოპტიმალური თანაფარდობა;

ევროპული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღვინის კანონმდებლობა ამა თუ იმ მოდიფიკაციით კოპირებულია ფრანგული ღვინის კანონიდან, მაგრამ მეტ- ნაკლებად შერბილებული ფორმით. თუ კითხავთ ფრანგ მეღვინეს, თუ რა არის მისი ბიზნესის ნომერ პირველი პრობლემა, დიდი ალბათობით ის გიპასუხებთ, რომ, პირველ რიგში – მკაცრი ღვინის კანონმდებლობა. თავის დროზე საფრანგეთში შემუშავებული ღვინის კანონმდებლობა დამსახურებულად ითვლებოდა ნოვატორულ მოვლენად ღვინის სამყაროში, მაგრამ დროთა განმავლობაში მან მოდიფიცირება ვერ განიცადა.

ამ ფაქტს სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და დღემდე რჩება პრემიუმ და ლუქსი კატეგორიის ღვინის მწარმოებლების პოზიცია. ვერტიკალური იერარქია და მკაცრი პირობები, რისი დაცვაც აუცილებელია მაღალი სტატუსის შესანარჩუნებლად, რა თქმა უნდა, დიდ უპირატესობას ანიჭებს მათ ღვინოს, მაგრამ მძიმე ტვირთად აწევს საშუალო კატეგორიის მწარმოებლებს. განსაკუთრებული სიმკაცრით იცავს კანონი ტერიტორიულ პრინციპს, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ საფრანგეთში იშვიათად ნახავთ მსხვილ ღვინის ქარხანას, რაც, რა თქმა უნდა, საგრძნობლად აისახება ინოვაციების დანერგვის ინტენსივობაში და შესაბამისად, მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს ღვინის თვით- ღირებულებას.

ახალი სამყაროს ქვეყნების ღვინის კანონმდებლობა ემყარება ევროპული ღვინის კანონმდებლობის ძირითად აქტებს, მაგრამ საგრძნობლად შერბილებული ფორმით.
ამ ფაქტს პრინციპული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი ღვინის ბიზნესისთვის, რადგან არ ზღუდავს მრავალფეროვანი ექსპერიმენტირების შესაძლებლობას და მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია იმ ნოვატორული წამოწყებებისათვის, რაც ამ კატეგორიის წარმატების ერთ-ერთი ძირითადი ქვაკუთხედია.

ზევით ჩამოვთვალეთ ის პრინციპები, რამაც განაპირობა ახალი სამყაროს ღვინის წარმატება. რა თქმა უნდა, სია არ არის სრული. მითუმეტეს, გაუმართლებელი სიცარიელე დარჩება, თუ არ ვახსენებთ ადამიანის ფაქტორს. როგორც მკითხველისთვის არის ცნობილი, ახალი სამყაროს ქვეყნები, ფაქტობრივად, ემიგრანტების აშენებულია. ადამიანები, რომლებიც ტოვებდნენ თავის სამშობლოს და ბედის საძიებლად აბსოლუტურად უცხო, დაუსახლებელ და ხშირ შემთხვევაში, ველური ტერიტორიებისკენ მიეშურებოდნენ, გამოირჩეოდნენ შეუპოვარი ხასიათით, გამბედაობით და თავგადასავლების მოყვარული ავანტურისტული სულით. ალბათ, ეს ის თვისებებია, რისი წყალობითაც ეს ქვეყნები დღეს ლიდერობენ სხვადასხვა ფორმით. თეზისი იმის შესახებ, რომ სახლის ფუნდამენტიდან აშენება ხშირად უფრო ადვილია, ვიდრე – აშენებული სახლის რეკონსტრუქცია, ვფიქრობ, სავსებით შეეფერება ახალი სამყაროს ღვინის წარმატებულ ისტორიას.

როდესაც ვლაპარაკობთ ამ კატეგორიის ინოვაციურ ხასიათზე, რა თქმა უნდა, პირველ რიში, უნდა ვახსენოთ ამერიკის შეერთებული შტატები. ფერმენტაციის ტემპერატურის რეგულირების თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც შემუშავებული იქნა ამ ქვეყანაში, ფაქტიურად ახალი ეტაპის დასაწყისი იყო არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ ყველა ახალი სამყაროს ღვინის მწარმოებელი ქვეყნისთვის.

კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, დაწყებული რობოტიზირებული ღვინის ქარხნებიდან და დამთავრებული მოსავლის ცივად აღების ტექნოლოგიით, მაგრამ, ჩემი აზრით, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ახალი ზელანდიის მაგალითი. დღეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია, 30-40 წლის წინ ვერ მოინახებოდა უფრო შეუთავსებელი სიტვები, როგორიცაა “ახალი ზელანდია“ და “ღვინო“. ნესტიანი გარემო, გაუვალი ტყის მასივები, ცივი კლიმატი – კლასიკური მეღვინეობის თვალსაზრისით, ეს ყველაფერი შეუთავსებელია ხარისხიან მეღვინეობასთან, ასე იტყოდა ნებისმიერი მეღვინე ძველი სამყაროდან. საჭირო იყო, ალბათ, ავანტურიზმის ზღვრამდე მისული გამბედაობა, რომ ეს სტერეოტიპი დანგრეულიყო.

როდესაც მრავალსაათიანი გადაფრენის შემდეგ (ძველი სმყაროდან დაახლოებით 22-24 საათი), ადამიანი პირველად მოხვდება ახალ ზელანდიაში, უცნაურობის შეგრძნება აუცილებლად გაყვება ამ საოცარ ქვეყანაში მოგზაურობის დროს: სამხრეთ პოლუსთან ახლოს ვიქტორიანული ეპოქის ბრიტანული სტილი ორგანულადაა შერწყმული ულტრათანამედროვე დიზაინთან და ეს ყველაფერი გაზავებულია მაორის ესთეტიკით.

მოგზაურობის დროს პირველი, რაც თვალში გეცემათ, ეს არის ხშირ შემთხვევაში ქვებით ხელოვნურად დამუშავებული ვენახები. ეს ტექნოლოგიაც ახალ ზელანდიური ინოვაციაა (თუმცა, შეზღუდულად საფრანგეთშიც იყენებდნენ), იგი მნიშვნელოვნად ამცირებს ნესტიანობას, ამასთანავე, დღის პერიოდში ქვაში აკუმულირდება სითბო და ვენახში ტემპერატურულ რეჟიმს ზევით წევს. აუცილებლად მიაქცევთ ყურადღებას ვაზის სიმაღლეს – დაახლოებით 2,5-3 მეტრი აქ ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს ხელს უწყობს ფოტოსინთეზს და საკმაო მანძილით აშორებს ვაზს ნოტიო მიწიდან. და, რა თქმა უნდა, აღტაცებაში მოყავხართ ბრიტანულად მოწესრიგებული ვენახის მწყობრ რიგებს. ყოველივე ამის შემდეგ სულ არ გიკვირს, რომ ტერმინი – “მეღვინეობა-ცხოვრების წესი“ – სწორედ ამ ქვეყანაში დაამკვიდრეს. სავსებით ბუნებრივად გეჩვენებათ, როცა ახალი ზელანდიის მეღვინეები (და არა მარტო ისინი) თავიანთ ნაშრომს თვლიან უახლესი და არა ახალი სამყაროს ღვინოდ (New New World).

ქვეყანა, რომელსაც მევენახეობა- მეღვინეობის არავითარი ტრადიციები არ გააჩნდა, ხარისხიანი მეღვინეობის თვალსაზრისით დღეს ერთ-ერთ მომხიბვლელ რეგიონად ითვლება. ღვინო, რომელიც იწარმოება ამ შორეულ ქვეყანაში, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო მოთხოვნად კატეგორიად. ქართულ ღვინოს არ აკლია არც ათასწლოვანი მეღვინეობის კულტურა, არც ორიგინალური ავტოქტონური ყურძნის ჯიშები, არც ყველასგან გამორჩეული ქვევრის ტექნოლოგია, მაგრამ დღევარდელ ღვინის სამყაროში ზელანდიურ და ქართულ ღვინოს შორის დისბალანსი სახეზეა. ეს არც არის გასაკვირი. ახალი ზალანდია არ იყო ჩაკეტილი ქვეყანა, საბჭოთა საქართველოსგან განსხვავებით, ზელანდიელი მეღვინეები ჩართულნი იყვნენ მსოფლიო მეღვინეობის სისტემაში, არ იყო ინფორმაციის დეფიციტი და ზუსტად იცოდნენ, რომ მე-20 საუკუნის ბოლოს მეღვინეობაში წარმატების მისაღწევად არ არის საკმარისი მხოლოდ ნორმალური, ტექნოლოგიურად უნაკლო ღვინის შექმნა, აუცილებელია საკუთარი ხელწერის მონახვა, რაც წარმატებით განახორციელეს ახალი ზელანდიის მეღვინეებმა.

დღეს ზელანდიელი, ავსტრალიელი და კალიფორნიელი მეღვინეები ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძვირადღირებულ სპეციალისტებად ითვლებიან ღვინის სამყაროში. როგორც თანამედროვე ინოვაციური მეღვინეობის წარმომადგენლებს, მათ სიამოვნებით იწვევენ ევროპის წამყვანი ღვინის მწარმოებლები. ადელაიდის და კალიფორნიის მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო ცენტრებს ისეთივე სტატუსური მნიშვნელობა აქვთ დარგის სპეციალისტებისთვის, როგორც სხვა შესაბამის დისციპლინებში, მაგალითად, ჰარვარდს ან ოქსფორდს . ეს ფაქტი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, თუ გავიხსენებთ, რა ცოტა დრო გავიდა მათი საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ. თუ შევადარებთ ევროპული ღვინის ათასწლეულ ისტორიას, ეს პერიოდი ალბათ წუთების ტოლფასია.

როდესაც ვაპირებდი ძველი და ახალი სამყაროს ღვინოების მარკეტინგის შესახებ ორიოდე სიტყვის დაწერას, უნებლიედ გამახსენდა რობერტ პარკერის წიგნი “ბორდო – 1961-დან 1990 წლამდე წარმოებული ღვინის გზამკვლევი“. გვერდების რაოდენობა -1165 და არც ერთი ფოტო. თან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამ წიგნში წარმოდგენილი მწარმოებლების სია არ არის სრული. ამ “მონსტრი“ წიგნის შემხედვარეს სულ არ გიკვირს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რიგითი ფრანგი ცუდად ერკვევა თავისი ქვეყნის ღვინოში.

გავბედავ და ვიტყვი, რომ ამ მხრივ საქართველოში კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაა. ასევე გასაგები ხდება სურათი, როცა უყურებ, თუ როგორ “წვალობს“ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის რიგითი მომხმარებელი ფრანგული ღვინის არჩევის დროს. ეს, მართლაც, არ არის მარტივი საქმე. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ ღვინოს ირჩევთ – ორდინარულს, რეგიონალურს, ადგილწარმოშობისას, appellation, Premier თუ Grand Cru –ს კატეგორიას. თან, უნდა იცოდეთ, რა განსხვავებაა მათ შორის, მაღალი კლასის ღვინის არჩევისას უნდა დაიმახსოვროთ ასეულობით შატოს სახელი, თან უნდა მიაქციოთ ყურადღება შატოშია ღვინო ჩამოსხმული თუ ნეგოციანტის მიერ, ზოგიერთ შემთხვევაში კარგი ვინტაჟის ცოდნაც გამოგადგებათ და ა.შ. მოკლედ ამ პროცესს კატასტროფის გარდა სხვა სახელს ვერ დაარქმევ – ფრანგული ღვინის ასარჩევად აუცილებელია მინიმალური პროფესიონალური განათლება ამ დარგში.

სულ სხვა მდგომარეობაა, როდესაც არჩევანს აკეთებთ ახალი სამყაროს ღვინის კატეგორიაში. დაგჭირდებათ მხოლოდ რამდენიმე ფრაზაზე ყურადღების მიქცევა: ქვეყანა, ყურძნის ჯიში, ზოგ შემთხვევაში – რეგიონი და, რა თქმა უნდა, – ბრენდის სახელი. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, ყოველთვის მსხვილი ორიგინალური შრიფტითა და შესაბამისი ლიგოთია გამოსახული ეტიკეტზე და არც თუ უმიზეზოდ. თუ ღვინო, რომელსაც აირჩევთ, მოგეწონათ, მისი დამახსოვრება არც თუ ისე ძნელია და მაღაზიაში შემდეგი ვიზიტის დროს იგივე ბრენდის სხვა სახეობის ღვინის გასინჯვის სურვილი სავსებით ბუნებრივად გიჩნდებათ.

შეიძლება, ღვინო სულ არ გქონდეთ გასინჯული, მაგრამ სწორად არჩეული მარკეტინგსტრატეგიისა და ხარისხიანი ბრენდკომუნიკაციების საშუალებით შექმნილი იმიჯი იმდენად მომხიბვლელი იყოს თქვენთვის, რომ არჩევანის გაკეთების მომენტში ძირითადი მოტივაცია გახდეს მის შესაძენად. თანამედროვე ღვინის მარკეტინგის თემა, რა თქმა უნდა, გაცილებით ფართოა, ვიდრე – ზემოთ მოყვანილი მაგალითი და მას უამრავი სერიოზული ნაშრომიც კი ვერ ამოწურავს. თუმცა, ეს მოკლე ტექსტი ვფიქრობ, საკმარისია იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რამდენად ეხმარება ახალი ქვეყნის ღვინის მწარმოებელს, “გადმოიბიროს“ თავის ბანაკში ძველი სამყაროს ლოიალური ან აბსოლუტურად გამოუცდელი დამწყები ღვინის მომხმარებელი. აუცილებელია, აღინიშნოს, რომ ახალი ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ და არიან ის პიონერები, ვინც ეს მიმართულება შექმნა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ამ თვალსაზრისით ევროპელ მწარმოებლები აუტსაიდერების როლში იმყოფებიან.

ევროპული და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ფრანგული ღვინის ფილოსოფია ძირითადად განისაზღვრება ტერიტორიული პრინციპით. მაგიური სიტყვები ტერუარი და აპელასიონი, ალბათ, ყველაზე ხშირად ხსენებადი ტერმინებია, როცა ვსაუბრობთ ევროპულ ღვინოზე (terroir – გეოლოგიური და კლიმატური თავისებურებები, რომლებიც გავლენას ახდენს და განსაზღვრავს ღვინის ხარისხს; apellassion- მეღვინეობის ზონების გეოგრაფიული საზღვრები, რეგლამენტირებული კანონმდებლობით). ეს პრინციპი გვიადვილებს ღვინის არჩევანსაც. ბორდო, ბურგუნდია, ტოსკანა და რიოხა უფრო გასაგებია რიგითი მომხმარებლისთვის, ვიდრე ლანგედოკი, ელზასი ან პანადესი.

მეღვინეობის წამყვან ქვეყნებში, ისევე, როგორც საქართველოში, ცნობილი ზონები ისტორიულად ჩამოყალიბდა საუკუნეებისა და ათასწლეულების მანძილზე. მათ დროის გამოცდას გაუძლეს, ბევრი მათგანი გაცდა ადგილმდებარეობის ცნებას და ჩამოყალიბდა, როგორც შემდგარი ბრენდი. შესაბამისად, ღვინო, რომელიც იწარმოება აღნიშნულ რეგიონებში ან მიკროზონებში, უფრო ადვილად ითვისებს ბაზრებს, ვიდრე არანაკლები ხარისხის, უფრო იაფი ანალოგი, ნაკლებად ცნობილი რეგიონიდან.

ახალი სამყაროს მეღვინეები, რა თქმა უნდა, არ ფლობდნენ ზემოთაღნიშნულ უპირეტესობას, თუნდაც ისტორიული პერიოდის სიმცირის გამო, ამიტომ კეტეგორიის სტრატეგიული განვითარების ქვაკუთხედად აირჩიეს არა ადგილწარმოშობის პრინციპი, არამედ ყურძნის ჯიში. რა თქმა უნდა, ახარებენ ყურძნის სხვადასხვა ჯიშებს, მაგრამ მათში, როგორც წესი, გამოირჩევა რამდენიმე სახეობა, რომელიც ლოკომოტივის პრინციპით ავითარებს დარგს და სტრატეგიული თვალსაზრისით წამყვანი როლი ენიჭება კატეგორიის ჩამოყალიბების საკითხში.

ახალი სამყაროს წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი საერთო აქვთ, რაც განაპირობებს მათ კატეგორიულ თავისებურებას, თუმცა, თითოეული მათგანი გამოირჩევა როგორც ისტორიულ – კულტუროლოგიური, ასევე – დარგობრივი თავისებურებებით. გზა წარმატებისკენ მათთვის არ იყო ადვილი, მითუმეტეს, ფაქტობრივად, ნოლიდან მოუწიათ მეღვინეობის დარგის განვითარება, მაშინ, როცა ევროპული მეღვინეობა ათასწლეულებს ითვლის. სწორედ ამიტომ მათი გამოცდილება აუცილებლად გასათვალისწინებელია ქართული ღვინის, როგორც კატეგორიის, ჩამოყალიბების პროცესში.
ჩამოვთვალოთ ძირითადი ქვეყნები, რომელთაც მიაკუთვნებენ აღნიშნულ კატეგორიას: აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, კანადა, ჩილე, არგენტინა, ურუგვაი, მექსიკა.

რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი განსაკუთრებული და ფართო კვლევის ობიექტია, მაგრამ შევეცადოთ, მოკლედ დავახასიათოთ ზოგიერთი მათგანი, პირველ რიგში, ე.წ. “ლოკომოტივი“ ყურძნის ჯიშების თვალსაზრისით.

ავსტრალია

მევენახეობა- მეღვინეობის დარგისთვის კარგი პირობები ავსტრალიის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიებზეა, მათ შორის გამოირჩევა სამხრეთ ავსტრალია (South Australia), სადაც მდებარეობს გამორჩეული ზონა ბაროსა (Barossa). მაღალი ხარისხის ავსტრალიური ღვინის რეპუტაცია დიდ წილად ამ რეგიონის დამსახურებაა. მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის ასევე მნიშვნელოვანი რეგიონებია: ვიქტორია (Victoria) და ახალი სამხრეთ უელსი (New South Wales).

წამყვანი ყურძნის ჯიშები: შირაზი (Shiraz), შარდონე (Chardonnay), კაბერნე სოვინიონი (Cabernet Sauvignon), მერლო (Merlot), სოვინიონ ბლანი (Sauvignon Blanc), სემილიონი (Semillon). მათ შონის გამოირჩევა შირაზი. ყურძნის თეთრი ჯიშებიდან გამოირჩევა შარდონე. რა თქმა უნდა, სხვა ჯიშებიც კარგ შედეგს იძლევა, მაგრამ ავსტრალიური ღვინის გაცნობა ჯობია ამ ორი ჯიშის ღვინით დავიწყოთ.
ავსტრალიაში შექმნილი 4 ღვინის ბრენდი მსოფლიოს 10 ყველაზე მსხვილი ბრენდების სიაში შედის (ცხრილი 1)

ახალი ზელანდია

ახალი ზელანდიის მევენახეობის მთავარი რეგიონები განლაგებულია აღმოსავლეთ სანაპიროზე. ეს რეგიონებია მალბორო (Marlborough), ჰოკს ბეი (Hawke’s Bay) და გისბორნი (Gisborne). ამ რეგიონებში აღებული ყურძნის მოსავალი შეადგენს შესაბამისად 72%-ს, 11%-ს და 4%-ს, ანუ ჯამში მთლიანად ახალ ზელანდიაში აღებული მოსავლის 87%-ს.

ძირითადი ყურძნის ჯიშებია: სოვინიონ ბლანი (Sauvignon Blanc), პინო ნუარი (Pinot Noir), შარდონე (Chardonnay) და პინო გრიჯიო (Pinot Grigio). მათ შორის გამოირჩევა სოვინიონ ბლანი – ქვეყანაში წარმოებული ღვინის 70%-ზე მეტი სწორედ ამ სორტის ღვინოზე მოდის. სწორედ ამ ყურძნის ჯიშმა “შექმნა“ ახალ ზელანდიური ღვინო იმ სახით, რა სახითაც დღეს ის ცნობილია. მეორე მნიშვნელოვანი ჯიშია პინო ნუარი.

ამერიკის შეერთებული შტატები

მეღვინეობის დარგი საკმაოდ წარმატებულად ვითარდება სხვადასხვა შტატში, მაგრამ ქვეყნის მეღვინეობის ლიდერის საპატიო წოდება კალიფორნიას ეკუთვნის,
მასსზე ამ ქვეყანაში წარმოებული ღვინის 90%-ზე მეტი მოდის.

ღვინის წარმოებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ ჯიშებს კაბერნე სოვინიონ, შარდონე და კარმინერს.

აშშ-ში წარმოებული ოთხი ღვინის ბრენდი მსოფლიოს 10 ყველაზე მსხვილი ბრენდების სიაში შედის, ხოლო ღვინის ბრენდი Callo ამ სიაში პირველ ადგილზეა (ცხრილი 1). ავტორიტეტული გამოცემის Wine Spectator-ის მსოფლიოს საუკეთესო 100 ღვინის 2012 წლის რეიტინგში ღვინომ Shafer Vineyards Relentless (2008) ნაპას ველიდან პირველი ადგილი დაიკავა.

სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკაში მე-20 საუკუნის განმავლობაში მეღვინეობის დარგი, ფაქტობრივად, არქაულად ვითარდებოდა. ამის მიზეზი იყო აპარტეიდის რეჟიმი, რის გამოც ქვეყანა ჩაკეტილი და იზოლორებული იყო. სიტუაცია კარდინალურად იცვლება მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, მას შემდეგ, როდესაც მთავრდება აპარტეიდის პერიოდი და ქვეყანა იზოლაციიდან გამოდის. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა უამრავი ღვინის საწარმო.
აქ, ავსტრალიის მსგავსად, საუკეთესო მეღვინეობის რეგიონები სამხრეთშია განლაგებული, სანაპირო ხაზზე. ესენია: სტელენბოში (Stellenbosch), კონსტანცია (Constantia) და პაარლი (Paarl).

წამყვანი ყურძნის ჯიშებია: შენენ ბლანი (Chenin Blanc), Colombard (კოლომბარი), პინოტჟი (Pinotage).

ჩილე

მიუხედავად იმისა, რომ ჩილე და არგენტინა მეზობელი ქვეყნებია, ამ ორი ქვეყნის ღვინოებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გეოგრაფიულ განლაგებაში უნდა ვეძებოთ. ამ ორი ქვეყნის საზღვარზე გადის ანდების მთების მასივი, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა აქვს ორივე ქვეყნის მეღვინეობისთვის. არგენტინისგან განსხვავებით, ჩილეში მანძილი წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლსა და ანდებს შორის, შედარებით მოკლეა, რის გამოც იქმნება ბალანსირებული კლიმატი, შედარებით ზომიერი ტემპერატურული რეჟიმით. ამ ქვეყანაში 9 მნიშვნელოვანი მეღვინეობის რეგიონია, თუმცა, მათ შორის გამორჩეულია სამი: მაიპო, რაპელის ველი(Rapel Valley) და კურიკო (Kurico).

წამყვანი ჯიშებია: კაბერნე სოვინიონი, შარდონე და კარმენერი (Karmener).

არგენტინა

არგენტინა მაღალმთიანი მეღვინეობის ერთ-ერთი ძირითადი ლიდერია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან რეგიონები სალტა (Salta), კაფაიატი (Cafayate) და მენდოზა (Mendoza). ამ რეგიონებში იწარმოება მაღალი ხარისხის ცნობილი არგენტინული ღვინის ბრენდების დიდი ნაწილი.
რაც შეეხება ყურძნის ჯიშებს, ლიდერები არიან მალბეკი, ტორონტესი (torrontes), კაბერნე სოვინიონი, შარდონე, პედრო ჰიმენესი (Pedro Ximénez), ბონარდა(bonarda) და ტემპრანილიო (Tempranillo). მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია მალბეკს.

იმედი მაქვს, მკითხველს არ დარჩება შთბეჭდილება იმისა, რომ ავტორი მხოლოდ ახალი სამყაროს ღვინოს მიიჩნევს დღევანდელი ღვინის ინდუსტრიის ერთპიროვნულ ფავორიტად და ქართული ღვინის განვითარების ერთადერთ შუქურად. ვთვლი, რომ ეს მოსაზრება ზიანის მეტს არაფერს მოუტანს ქართულ ღვინოს. როცა ვლაპარაკობთ ახალი სამყაროს ღვინოზე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს კატეგორია ძირითადად სტანდარტულ სეგმენტში მუშაობს (თუმცა, ამ კატეგორიის პრემიუმიზაციის გარდაუვალი პროცესიი საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს ბოლო პერიოდში).

ძველი სამყარო კიდევ დიდ ხანს არ დათმობს პოზიციებს პრემიუმ და ექსტრა პრემიუმ სეგმენტში. ისეთი შედევრები, როგორიც არიან Château Latour, Château Pétrus, Vega Sicilia და ა.შ. დიდი ხანია, დამსახურებულად „ჩაეწერენ“ მუდმივი ფასეულობების სიაში და ღვინის ოლიმპზე თავს მშვენივრად გრძნობენ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მსოფლიოში მოხმარებული ღვინის 90%-ზე მეტი მოდის სტანდარტულ და პრემიუმ(-) კატეგორიაზე, ანუ – იმ სეგმენტში, სადაც დღეს იმყოფება ახალი სამყარო.

როგორც ავღნიშნეთ, ახალი სამყაროს ღვინის მწარმოებლების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისებაა თანამედროვე ტექნოლოგიების ინტენსიური დანერგვის უწყვეტი პროცესი, რაც სხვა უკვე ნახსენებ ფაქტორებთან ერთად, ფასი/ხარისხიის ოპტიმალურ თანაფარდობას განსაზღვრავს. აგრესიული თანამედროვე მარკეტინგის საშუალებით ახალი ბაზრების ათვისებას დიდწილად განსაზღვრავს ფართო მასშტაბიანი წარმოება. თუ დააკვირდებით პირველ ცხრილს, ადვილი შესამჩნევია, რომ ათი ყველაზე გაყიდვადი ბრენდიდან თითოეული აწარმოებს იმაზე რამდენჯერმე მეტ ღვინოს, რაც დღევანდელი ქართული ღვინის წარმოების პოტენციალია.

მიუხედავად ბოლო წლებში მიღწეული წარმატებისა, ქართული ღვინის მწარმოებლებს არ აქვთ საშუალება, დანერგონ ინოვაციური ტექნოლოგიები იმ მასშტაბით, როგორც ეს ხორციელდება ახალ სამყაროში. საქართველოში მინიმუმი ალბათობაა იმისა, რომ შეიქმნას ღვინის ბრენდი, რომელიც შეძლებს, ათეულობით მილიონი ლიტრი ღვინის წარმოებას. შესაბამისად, ფასი/ხარისხის მაჩვენებლით შეჭიდებას ახალ სამყაროსთან არა მგონია, პერსპექტივა ჰქონდეს. ჩემი ღრმა რწმენით, ახალი სამყაროს მეღვინეების გამოცდილება აუცილებლად გასათვალისწინებელია ქართული ღვინის მსხვილი მწარმოებლებისთვის, მაგრამ წარმოების მოცულობის ზრდა პანაცეად არ უნდა იქცეს.

ქართულ ღვინის „ოქროს ფონდი“ ყველამ კარგად ვიცით – ათასწლოვანი მეღვინეობის კულტურა, ორიგინალური ადგილობრივი ყურძნის ჯიშები, ყველასგან გამორჩეული ქვევრის ტექნოლოგია. ახალი სამყაროს კატეგორიის რომელიმე წარმომადგენელს თავის არსენალში ჩამონათვალიდან რომელიმე პუნქტი რომ ჰქონოდა, დარწმუნებული ვარ, დღეს პრემიუმ სეგმენტის სერიოზული მოთამაშე იქნებოდა, ოღონდ – გაცილებით ნაკლები მოცულობით, რა თქმა უნდა.

* სტატიაში მოყვანილი ანალიზი ეყრდნობა საერთაშორისო კვლევის და აუდიტის ცენტრების სტატისტიკას (drinksbusiness; Nelson; BA; International Wine &Spirit Research; Winemakers Federation of Australia (Wine Sales in Australia Quarterly Report Dec 2013). მკითხველს ვთხოვ ყურადრება მიაქციოს იმ აქტს, რომ მაშტაბური საერტაშორისო კვლევის ფინალური შედეგები როგორც წესი წლის დასასრულიდან 4-6 თვის შემდეგ ქვეყნდება, ამიტომ ზოგიერთი ანალიზი შესრულებულია 2012წლის მონაცემებით)

ნუკრი ქურდაძე