კლიკოს სახლის ისტორია

1772 წ. – ფილიპ კლიკომ, რომელიც დაიბადა ტექსტილით მოვაჭრისა და ვენახების მფლობელის ოჯახში, დააარსა ღვინის სავაჭრო სახლი “კლიკოს” სახელით. მას გააჩნდა “საზღვრის გადაკვეთის” ამბიცია და შამპანურის პირველი პარტია ვენეციაში გააგზავნა.
1775 წ. – როგორც ვარდისფერი შამპანურის პიონერმა მწარმოებელმა, ამ სახლმა “ვარდისფერი ღვინის” პირველი ჩამოსხმა გაიტანა ლოზანაში.
1798 წ. – ფილიპ კლიკომ მისი ვაჟი ფრანსუა, რომელიც ბარბე ნიკოლ პონსარდინზე ახლადდაქორწინებული იყო, ჩართო ბიზნესში.
1801წ. – ფრანსუა კლიკომ დაიქირავა ლუი ბონე (Louis Bohne), კლიკოს ბრენდის ზღვისიქეთა ქვეყნებში გასავრცელებლად. დაუღალავი მოგზაური ეწვია ინგლისს, ნიდერლანდებს, გერმანიას, ავსტრიას, უნგრეთსა და იტალიას. 1804 წელს მან პირველად იმოგზაურა რუსეთში, უდიდესი კომერციული წარმატებით.
1805 წ. – მოულოდნელად გარდაიცვალა ფრანსუა კლიკო და 27 წლის მადამ კლიკომ შეუპოვრად აიღო ხელში ოჯახური ბიზნესის სადავეები და გახდა თანამედროვეობის ერთ-ერთი პირველი საქმოსანი ქალი. მას ერთგულად ემსახურებოდა მისი მარჯვენა ხელი ლუი ბონე, რომლის ხელშეწყობითაც, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, ამ წელს მოხერხდა 110,000 ბოთლი ღვინის გატანა, აქედან 25,000 გაიტანეს რუსეთში. თუმცა, მომდევნო 6 წელი ასეთ კომერციულ წარმატებას ვეღარ მიაღწიეს, ნაპოლეონის ომებისა და გადაადგილების უსაფრთხოების არარსებობის გამო.
1810 წ. – მადამ კლიკომ გამოავლინა ინოვაციური უნარი და შამპანის რეგიონში განახორციელა პირველი ყურძნის მოსავლის აღება (ეგრეთწოდებული პირველი რთველი).
1811 წ. – განსაკუთრებული მოსავლის მეშვეობით მნიშვნელოვანი რთველი ჩატარდა შამპანში. მადამ კლიკომ ამ წლის მოსავლის ღვინო 1814 წელს გააგზავნა სანკტ-პეტერბურგში, სადაც დიდი წარმატება ხვდა წილად. ამ წლების გამო, მადამ კლიკოს მის წრეში “შამპანის დედოფალი” შეარქვეს.
1816 წ. – მადამ კლიკომ შემოიღო დახვრეტილი მაგიდა, სადაც ბოთლებს დახრილად აწყობდნენ და ნალექი გროვდებოდა ბოთლის ყელში. მას შემდეგ გაუმჯობესდა შამპანურის ხარისხი და ის გახდა დაწმენდილი და გამჭვირვალე.
1818 წ. – მადამ კლიკომ პირველად გამოიყენა წითელი ღვინო (Bouzy) ვარდისფერი შამპანურის მისაღებად.
1821წ. – გარდაიცვალა ლუი ბონე და ფირმაში შეგირდად მოვიდა ედუარდ ვერლე (Edouard Werlé).
1831წ. – ედუარდ ვერლე გახდა მადამ კლიკოს ბიზნესპარტნიორი, რომელმაც საკმაოდ დიდი როლი შეასრულა ბიზნესის განვითარებაში.
1840 წ. – ორმა პარტნიორმა გადაწყვიტა, აეშენებინათ სასტუმრო „ჰოტელ დუ მარკი“ (Hôtel du Marc), რომელიც იქნებოდა დირექტორების კერძო რეზიდენცია და ადგილი, სადაც გაერთობოდნენ ოჯახის წევრები და მნიშნვნელოვანი კლიენტები.
ამავე წელს, გაყიდვების გაზრდისა და ბოთლის ვიზუალური ასპექტის გასაუმჯობესებლად , 1836 წელს შეიქმნა ეტიკეტი „კლიკოს ქვრივი“.
1866 წ. – 89 წლის ასაკში გარდაიცვალა მადამ კლიკო. ედუარდ ვერლე იყო მისი შთამომავალი, რომელმაც არჩია, შეენარჩუნებინა სახელი, რომლითაც დღეს ჩვენ ვიცნობთ ამ ბრენდს – “კლიკოს ქვრივი პონსარდინი” (Veuve Clicquot Ponsardin).
1877 წ. – მოხდა ყვითელი ეტიკეტის დარეგისტრირება.
1884 წ. – ედუარდ ვერლეს ვაჟმა, ალფრედ ვერლემ (Alfred Werlé) აიღო მზრუნველობა “კლიკოს ქვრივი პონსარდინის” სახლზე. მის სახელს უკავშირდება ვენახების გაფართოების საქმიანობა, რადგან მან შეიძინა რამდენიმე ნაკვეთი, სადაც საუკეთესო ხარისხის ვაზი ხარობდა.
1907 წ. – ალფრედ ვერლეს სიძის, ბერტრანდ დე მუნის (Bertrand de Mun) დახმარებით “კლიკოს ქვრივი პონსარდინი” ეზიარა ახალ ტექნოლოგიებს და გააუმჯობესა მისი ღვინის ხარისხი, საუკუნის დასაწყისისთვის ღვინის წარმოების აღმოჩენების გამოყენებით. ამ დროისთვის კლიკოს სახლმა გააფართოვა მისი საკუთრებანი და დააარსა საწარმოები და მარნები რეიმსის მიდამოებში.
1932 წ. – ბერტრანდ დე მუნის სიძე ბერტრანდ დე ვოგი (Bertrand de Vogüé) შეუერთდა კომპანიას. მიუხედავად არსებული ეკონომიკური კრიზისისა და ორი მსოფლიო ომის მიმდინარეობისა, ორივე პიროვნებამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა კომპანიის გაფართოების საქმეში.
1963 წ. – “კლიკოს ქვრივი პონსარდინი” გახდა შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია.
1972 წ. – “კლიკოს ქვრივი პონსარდინიმ“ მისი ორსაუკუნოვანი იუბილის აღსანიშნავად გამოუშვა “La Grande Dame”, “prestige cuvee” და დააარსა მთელს მსოფლიოში ცნობილი “საქმიანი ქალის ჯილდო” (Business Woman Award). ალენ დე ვოგი (Alain de Vogüé) დაინიშნა პრეზიდენტად, როგორც მისი მამის, ბერტრანდ დე ვოგის საქმის გამგრძელებელი.
1986 წ. – “კლიკოს ქვრივი პონსარდინი” შეუერთდა „ლუი ვუიტონ გრუპს” (Louis Vuitton Group). ერთი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა მოეტ ჰენესი – ლუი ვუიტონი (LVMH) (Moët Hennessy – Louis Vuitton).
1995 წ. – “კლიკოს ქვრივმა” წარმოადგინა ბაზარზე ახალი ტიპის ღვინო “Rich Reserve”, რომელიც შეიქმნა კერძებთან შესაწყვილებლად და დოზირებული ღვინისთვის ტრადიციის ასაღორძინებლად.
1996 წ. – წარმოდგენილ იქნა პირველი მოსავალი, კლიკოს სახლის უიშვიათესი ტიპის ღვინო “La Grande Dame Rosé 1988”.
2000 წ. – გამოუშვეს “კლიკოს ყინულის ყუთი”, რომელიც ყინულის ვედროდ გარდაიქმნება. მას შემდეგ “კლიკოს” სახლი ყოველწლიურად ქმნის ღვინის მომსახურების ინოვაციებს.
2002 წ. – გამოუშვეს “კლიკოს საღებავის ყუთი”, რომელსაც 2004 წელს მოჰყვა “კლიკოს ყინულის ქურთუკი”, პირველი იზოთერმული ბოთლის ჩასადები.
2005 წ. – “კლიკოს სახლმა” აღნიშნა მადამ კლიკოს მიერ სახლის სათავეში ჩადგომიდან 200 წლის იუბილე და მოეწყო მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მოგზაური გამოფენა მსოფლიოს მსხვილ ქალაქებში.
2004 წ. – Veuve Clicquot Rosé იაპონიაში გაიტანეს, მაგრამ 2006 წლამდე მასშტაბურად ბაზარზე არ გატანილა.
2007 წ. – ნიუ იორკში აღინიშნა “ყვითელი ეტიკეტის” (“yellow label”) 130 წლის იუბილე. “კლიკოს ქვრივის საქმიანი ქალის” წლის პირველი ჯილდოს წარმატების შემდეგ, რომელიც მოეწყო 17 ქვეყანაში, კლიკოს სახლმა აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის გამოჩენილი ქალების წარმატებების აღნიშვნის ინიციატივა გამოიჩინა. ეს ჯილდოები გადაეცემოდა იმ ქალბატონებს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით მათი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
2008 წ. – “კლიკოს ქვრივმა” მიიღო ISO 14001 სერტიფიკატი 2004 წელს, როგორც ხარისხისა და ეკოლოგიური სისუფთავის დამცველმა კომპანიამ, რომელიც განახლებულ იქნა 2007 და 2008 წელს – ISO 22000 სერტიფიკატი, როგორც ხარისხისა და პროდუქტის უსაფრთხოების დამცველმა ორგანიზაციამ.
2010 წ. – LVMH-ის შამპანურის სახლებში უფრო მეტი სინერჯიის გამოსავლენად შეიქმნა სერვისი – Moët Hennessy Champagne Services (MHCS).
2010 წ. ივლისი – მყვინთავებმა ბალტიის ზღვაში, ალანდის კუნძულებით გარშემორტყმულ წყლებში (ნახევრად ავტონომიური ფინეთის არქიპელაგი) 50 მეტრის სიღრმეზე, მე-19 საუკუნის შუახანებში ჩაძირულ გემში აღმოაჩინეს 1840-იანი წლებით დათარიღებული “კლიკოს ქვრივის” უძველესი ბოთლები. სავარაუდოდ, ხომალდი მიემართებოდა რუსეთისკენ ან ფინეთისკენ, რაც “კლიკოს ქვრივის” შამპანურისთვის საუკეთესო ბაზარს წარმოადგენდა იმ დროს. „კლიკოს ქვრივის“ ორმოცდაშვიდივე ბოთლი აღმოჩნდა გემში, სადაც 150 წლის განმავლობაში ხელუხლებლად ინახებოდა ბნელი ზღვის ფსკერზე, იდეალურ დაბალ ტემპერატურაზე და შუქის გარეშე. ამ ბოთლებიდან 60% საუკეთესოდ იყო შენახული. მას შემდეგ, რაც ბოთლები ამოიტანეს ზედაპირზე, გასინჯეს და შეისწავლეს ღვინის ექსპერტებმა, ბოთლებს მოარგეს ახალი საცობები და დღეს ეს საგანძური დაცულია ალანდის (Åland) სახელმწიფოში. ექსპერტთა შეფასებით, აღმოჩენილი ბოთლებში არის 1840-იანი წლებით დათარიღებული შამპანური, რომელიც ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და დასალევად ჯერ კიდევ ვარგისი .
2011 წ. ივნისი – უძველესი საგანძურიდან “კლიკოს ქვრივის” ერთმა ბოთლმა მოხსნა მსოფლიო რეკორდი, მასში ყველაზე ძვირი ფასის – 30,000 ევროს გადახდით, რაც კი ოდესმე შამპანურში გადაუხდიათ.
2012 წ. – ჩატარდა “საქმიანი ქალის” ჯილდოს 40 წლის იუბილე.