საკვები ბევრი სხვადასხვა კუთხით შეიძლება, დავინახოთ და აღვიქვათ: მისი წარმომავლობის, კულტურის, ისტორიისა და კვებითი ღირებულებების გათვალისწინებით, მაგრამ იშვიათად თუ შევხედავთ მას მხატვრის თვალით. ცნობილია, რომ კულინარიული ხელოვნება, თავის მხრივ, ხელოვნების აშკარა გამოხატულებაა, თუმცა ზოგიერთი თანამედროვე ხელოვანი  ცდილობს,  საკვებისა და იდეის საზღვრები გადასწიოს თეფშის მიღმა. ზოგჯერ საკვები გამოიყენება, როგორც შუამავალი, ზოგჯერ კი, იგი შეიძლება, ფიგურის კონცეფციად ან შთაგონების წყაროდ მოგვევლინოს.

“ვერტუმნი” – იმპერატორ რუდოლფ II-ის პორტრეტი  შექმნილია რენესანსის პერიოდის მხატვრის, ჯუზეპე არჩიმბოლდოს მიერ და წარმოადგენს “ბუნების ნობათის” საშუალებით შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს. არჩიმბოლდო ცოცხალი  ხილისგან,  ბოსტნეულისგან და  ყვავილებისგან ქმნიდა რეალურ პორტრეტებს და შემდეგ გადაჰქონდა ტილოზე.

მხატვარ ჯუზეპე არჩიმბოლდოს ნამუშევრები გახდა თანამედროვე ამერიკელი ფოტოგრაფის, კლაუს ენრიკე გერდესის შემოქმედების საფუძველი. ფოტოგრაფმა სცადა, ბოსტნეულისა და ხილის მეშვეობით შეექმნა რეალური ქმნილებები  და ეს ყველაფერი ფოტოზე აღებეჭდა.

კლაუსმა ამისათვის კვერცხის ნაჭუჭი და მშრალი ფოთლებიც კი გამოიყენა. ჯუზეპე არჩიმბოლდოსგან განსხვავებით, კლაუს ენრიკე ტილოზე გადატანის ნაცვლად, თავის ნამუშევრებს ფოტოაპარატით აფიქსირებს. მისი შემოქმედება ჯუზეპე არჩიმბოლდოს ნამუშევრების ერთგვარი “რიმეიკია”. სხვა ნაწარმოებებს შორის, ცხადია მას საკუთარი ინტერპრეტაციით აქვს შესრულებული იმპერატორ რუდოლფ II-ის პორტრეტიც და თავის ამ პროექტს ფოტოგრაფმა “არჩიმბოლდოს სერია” უწოდა.

“იმის ცოდნა, რომ ჩემამდე 400 წლით ადრე ადამიანებს მსგავსი იდეები გაუჩნდათ, არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი ჩემს პროექტზე ხელის ჩასაქნევად. ჯუზეპე არჩიმბოლდოს ნახატების ფოტოდ ქცევის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დიდხანს ფიქრი არ დამჭირვებია,” – განაცხადა ფოტოგრაფმა.

კლაუს ენრიკე გერდესის ნამუშევრები ბევრად მრავალფეროვანი საგნებისგან არის შემქნილი.