საფერავისათვის ექსკლუზიური ბოკალი ავსტრიელმა ოსტატმა შექმნა.

საფერავის დასაგემოვნებლად ექსკლუზიური ბოკალი მსოფლიოს წამყვანმა ბრენდმა, 300 წლიანი ისტორიის მქონე ავსტრიულმა საგვარეულო კომპანია რიდელმა შექმნა. ამით საფერავი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიოს 20-მდე წამყვანი ჯიშების ექსკლუზიური ბოკალების კოლექციაში.

ბოკალის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მოეწყო, სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის შალვა ხეცურიანისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან დავითაშვილის ინიციატივით. ღონისძიებას ესწრებიან სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი.

„რამდენიმეწლიანი მოლაპარაკების შედეგად, რიდელის კომპანიასთან კონტრაქტი სომელიეთა ასოციაციამ გააფორმა და 2014 წლის ივნისში თბილისს ავსტრიული კომპანიის მეათე თაობის წარმომადგენელი, გეორგ რიდელი ესტუმრა. საქართველოში ჩატარებული დეგუსტაციების მიხედვით კი ბატონმა რიდელმა ჭიქის რამდენიმე ვერსია შემოგვთავაზა და საბოლოოდ ქართველ ღვინის სპეციალისტებთან ერთად დამტკიცდა საფერავის ექსკლუზიური ბოკალი, რომლის პრეზენტაციაზეც ვიმყოფებით.“ – განაცხადა შალვა ხეცურიანმა.

“ღვინის ბოკალის მწარმოებელი ავსტრიული კომპანია “რიდელის” პროდუქცია პლანეტის საუკეთესო რესტორნებში ნომერ პირველ  ბრენდად ითვლება. მალე მსოფლიო გაიგებს როგორი იქნება ქართული საფერავის ბოკალი. სასმელისთვის ექსკლუზიურ ჭიქას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მისი გემოვნური თვისებების უკეთესი აღქმისთვის” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

“საფერავის ბოკალის შექმნა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის დაეხმარება პროფესიონალებსა და მოყვარულებს ჯიშის საუკეთესო თვისებების უკეთ დაგემოვნებაში. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ საფერავის ბოკალი მსოფლიოს წამყვანი ყურძნის ჯიშების გვერდით აღმოჩნდება, ძალიან შეუწყობს ხელს არა მხოლოდ საფერავის, არამედ ქართული ღვინის პოპულარიზაციას, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.” – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

“ისეთი სახელოვანი კომპანიის, როგორც რიდელია, მიერ შექმნილი ბოკალი ნიშნავს იმას, რომ საფერავის ცნობადობა საგრძნობლად აიწევს. ეს გარკვეული საერთაშორისო აღიარებაცაა – ამ ჯიშს მართლაც აქვს დავარგების დიდი პოტენციალი და მაღალი დონის ღვინოების რიგში დამკვიდრების კარგი შანსი” – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

პირველი ორი ექსკლუზიური ნიმუში დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრსა და აბბა ალავერდიელ მიტროპოლიტ დავითს გადაეცემათ.

საფერავის ბოკალის დაბადების ისტორია მნიშვნელოვან ეპიზოდად შევა საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივ პროექტში – ფილმი ქართულ ღვინოზე, რომლიც რეჟისორია ქალბატონი ნანა ჯორჯაძე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:

595907111 თინათინ დიდავა