ქართული ღვინისადმი ინტერესი იაპონიაში თანდათან იზრდება. იაპონია 2014 წლიდან განსაკუთრებით გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი ბაზარი. ამას, ბუნებრივია, ხელს უწყობს  ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. მათ შორის – ტოკიოში. 

სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სარეალიზაციო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ბოლო  ორი წლის მანძილზე, იაპონიაში გამართულ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინო უკვე მეხუთედ იყო წარმოდგენილი.

ამჯერად,  სულ რამდენიმე დღის წინ  იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა ,,Wine and Gourmet Japan 2016” გაიმართა და აქ   ქართული ღვინის მწარმოებელი რვა კომპანია მონაწილეობდა: „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ბაგრატიონი 1882“, „ქინძმარაული“, „წერეთლის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, „მარანული“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და „ბესინი“.

გამოფენის გახსნას საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების პირველ დღეს  ქართული ღვინის დეგუსტაცია/სემინარი გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა. სემინარის მიმართ ღვინის პროფესიონალებისა და ადგილობრივი მედიის მხრიდან დიდი ინტერესი იყო.

ზოგადად, ბოლო წლებში აზიის ბაზარი ქართული ღვინოებისთვის მზარდია და მათ შორისაა იაპონია. 2015 წელს ქართული ღვინის ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 7%-ით არის გაზრდილი, რაც კარგი წინგადადგმული ნაბიჯია. იაპონიაში ქართული ღვინოების შეძენა შესაძლებელია მაღალი ხარისხის სუპერმარკეტებში, რესტორნებსა და სპეციალიზებულ ღვინის მაღაზიებში.  ამ ეტაპზე იაპონიაში იყიდება დაახლოებით 160,000/1წ ბოთლი ქართული ღვინო. ეს ციფრი მზარდია. შარშანდელი გამოფენებიდან მოყოლობელი, აქტივობების და დეგუსტაცია-სემინარების წარდგენამ იაპონიის ბაზარზე მხოლოდ დადებითი ემოციები და შედეგები მოიტანა – გვითხრა ექსკლუზიურ ინტერვიუში ბატონმა გიორგი თევზაძემ და ტოკიოს გამოფენის შთაბეჭდილებები გაგვიზიარა:  „ქართული ღვინის კომპანიები   ”Wine and Gourmet Japan 2016” – ის გამოფენაზე გამოირჩეოდნენ მრავალფეროვნებით, ხასიათით, ჯანმრთელი და დახვეწილი ღვინოებით; კომპანიები ხვდებოდნენ სხვადასხვა ღვინისა და მაღალალკოჰოლური სასმელების იმპორტიორებს, მოყვარულებსა და ღვინის მცოდნეებს, რაც, ჩემი აზრით, მათ სამომავლო საქმიანობას ძალიან წაადგება.საერთოდ, ქართული ღვინოების პერპექტივას და წარმატებას იაპონიის ბაზარზე, ავღწერდი სულ რამდენიმე სიტყვით: ღვინის ხარისხი, ჯიშური და სტილისტიკური მრავალფეროვნება, ჯანმრთელი და სტაბილური ხარისხის ღვინოები და ურთიერთობები – ამბობს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი, ბატონი გიორგი თევზაძე.

ბატონი გიორგის აზრით, იაპონელებს ქართულ ღვინოში ხიბლვთ ქართული ღვინის ხასიათი, მისი ჯანმრთელი და სრულყუფილი არომატები თუ გემოვნური თვისებები, რომელიც კარგად არის გამოხატული ჩვენი ადგილწარმოშობისა და ქვევრის ღვინიოების ხასიათში. „საფერავი“, „შავკაპიტო“, „რქაწითელი“, „ქისი“, „ცოლიკოური“, „ციცკა“, „ალექსანდოული“ და „მუჯურეთული“ არის ის პრიორიტეტული ყურძნის ჯიშები, რომლებიც თავთავიანთ კატეგორიებში აუცილებლად  დაიჭერენ საპატიო ადგილს აზიურ ბაზრებზე, –  მიაჩნია გიორგი თევზაძეს.

 

tokio2

 

სტატისტიკურად ცნობილია, რომ გასულ წელს „Wine and Gourmet Japan“ -ს ესტუმრა 75 ათასზე მეტი ვიზიტორი.  გამოფენისადმი ინტერესი წელსაც მასშტაბური იყო.  აქ თავი მოიყარეს  წამყვანმა ღვინის სპეციალისტებმა, ბაიერებმა და იმპორტიორებმა აზიის მასშტაბით. ქართული ღვინის კომპანიების  მონაწილეობა ასეთი დონის გამოფენაში  საუკეთესო საშუალებაა იაპონიაში ადგილობრივი დისტრიბუტორი კომპანიების მოძიებისათვის, ქართული ღვინის პოპულარიზაციის, მის ბაზარზე შესვლისა და დამკვიდრებისათვის. ასევე, ეს საუკეთესო გზააა იმისათვის, რომ ქართული ღვინის ცნობადობა  გაიზრდოს არა მარტო იაპონიაში, არამედ მეზობელი აზიის ქვეყნებში.

 

tokio3