საფრანგეთიფრანგული რესტორანი და რესტორანში ქართველები.

სტუმრებიდან ერთ-ერთი ღვინოს ირჩევს აპელასიონისა და მოსავლის მიხედვით და უკვეთავს. ცოტა ხანში კიდევ ერთი ბოთლის მოტანას სთხოვენ სომელიეს. ბოლო ბოთლიც იცლება და რესტორნიდან გამოსვლის დროს დამკვეთი სომელიეს ყურში უჩურჩულებს: „ბოლო ბოთლი იგივე ღვინო კი იყო, მაგრამ არა იგივე მოსავლის“. სომელიე თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ საქმის კურსში არ ჩააყენა მომხმარებელი… ქართველი, რომლმაც სომელიეს ბოდიშები ახდევინა, თამაზ კანდელაკი იყო.

თამაზ კანდელაკს იცნობდნენ საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. „იგი უნიკალურია, მისი პირის ღრუ მთელი ლაბორატორიაა“ – ამბობდა ფრანგი ღვინის ექსპერტი პიერ პრანგე თამაზ კანდელაკზე. ამ ლაბორატრიას კი ერთი ნიუანსიც არ გამეოპარებოდა ღვინის შეფასების დროს.

თამაზ კანდელაკის პროფესიონალიზმზე უცხოელები ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდნენ, როდესაც საქართველოში ღვინოს რაოდენობა უფრო ადარდებდათ, ვიდრე ხარისხი. თამაზ კანდელაკს სჯეროდა, რომ ქართული ღვინო ელიტარული ღვინოა და მისი მასიური წარმოება საზიანო იქნებოდა ქართული მეღვინეობისათვის. ასეც იყო…

მაშინ, როდესაც საქართველოში ღვინოს წყლითა და სპირტით აზავებდნენ, თამაზ კანდელაკი ლაბორატორიაში ქართული ყურძნის ჯიშებდან ახალ ღვინობს ქმნიდა. შემდეგ ეს ღვინოები საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე იგზავნებოდა და საქართველოში ოქროსა და ვერცხლის მედლები ჩამოდიოდა…

ჭავჭავაძეების  მარნის ჩინ-მედლები

ხელოვნებამდე აყვანილი ღვინის სიყვარული თამაზ კანდელაკს გენებში ჰქონდა. იგი წინანდალში იზრდებოდა, სადაც მამამისი, გური კანდელაკი, ალექსანდრე ჭავჭავაძის საქმეს აგრძლელებდა და ქართულ ღვინოს ქმნიდა. მისი ოჯახიც ჭავჭავაძეთა მამულში ცხოვრობდა. გური კანდელაკი პირველი ქართველი მეღვინე იყო, რომელსაც აკადემიური განათლება ჰქონდა ამ დარგში და მეღვინეობა მეცნიერების დონეზე აიყვანა. ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის დასრულების შემდეგ იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი თაობის კურსდამთავრებული იყო.  1818 წელს, უნივერსიტეტის დაარსებისთანავე საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.  უნივერსიტეტის კედლებიდან ლაბორატორიაში გადაინაცვლა და ღვინოს დაუკავშირა თავისი ცხოვრება. სახელი მალე გაითქვა და  უკრაინაში მიიწვიეს მეღვინედ. მალე ისევ საქართველოში მოიხმეს და წინანდალში გაამწესეს – ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ საუკუნის წინ დაწყებული საქმე უნდა გაეგრძელებინა და ქართული ღვინო ევროპული ღვინოების კონკურენტი გაეხადა. სწორედ იქ, ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულებში ღვინისა და წინაპრების სიყვარულში იზრდებოდა თამაზ კანდელაკი.

 

უნივერსიტეტის პირველი გამოშვების სტუდენტები.ცენტრში ზის ივანე ჯავახიშვილი.
მარცხენა ზედა კუთხეში პირველი დგას გური კანდელაკი (ოჯახის ფოტოალბომიდან)

 

„1962-65 წლებში რამდენიმე საერთაშორისო ფორუმი მოეწყო საქართველოში. ჩამოვიდნენ უდიდესი ფრანგი ექსპერტები და იმდენი ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა ქართულმა ღვინოებმა, რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ასე შეაფასა ეს მოვლენა – „ოქროს წვიმა“ მოვიდა ქართულ მეღვინეობაში“ – იხსენებს თამაზ კანდელაკის მეუღლე მზია მელქაძე.

წინანდალი იყო პირველი ქართულ-ევროპული ტერიტორია, რომელსაც სტუმრობდნენ ქართველი და უცხოელი პოეტები, მწერლები, მოგზაურები და ინტელექტულები.  მე-19 საუკუნეში მისი მფლობელი იყო შესანიშნავი მეურნე, მევენახე და მეღვინე ალექსანდრე ჭავჭავაძე, გარსევან ჭავჭავაძის შვილი. ალექსანდრე ჭავჭავაძემ საქართველოში ღვინის დამზადების ევროპული ტექნოლგია ჩამოიტანა. მის ხელში შეიქმნა ქართული ღვინოები, რომლებიც შემდეგ კლასიკად იქცა. მათგან ერთ-ერთმა, „წინანდალმა“ 1894 წელს, ჩიკაგოში ოქროს მედალიც აიღო. მაშინ წინანდალი „აღმოსავლეთის მეღვინეობის კერად“ აღიარეს. ამ სახელის შენარჩუნებაში სხვებთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის გური კანდელაკს. იგი 18 წელი იყო წინანდლის მთავარი მეღვინე.

გური კანდელაკის სახელთანაა ორი ჯიშის – „კაბერნე“-სა და „მალბეკი“-ს გაშენება, სამარკო ღვინის „თელიანი“ აღორძინება და ღვინოს „მწვანე“ შექმნა.

18-წლიანი წინანდლისეული თავგადასავლების შემდეგ გური კანდელაკი თბილისში გადმოიყვანეს და თბილისში ის ღვინის ქარხანა ჩააბარეს, სადაც 1711 წლიდან გროვდებოდა ნიმუშები კოლექციისთვის და უმდიდრესი ენოთეკა ჰქონდა – 140 000 დასახელების, სხვადასხვა წლის მოსავლის უცხოური და ადგილობრივი უნიკალური სამარკო ღვინოებისა და კონიაკების კოლექცია. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ქარხანა-მუზეუმი, ქარხანა-ბიბლიოთეკა…

მოგვიანებით ეს კოლექცია მისმა შვილმა, თამაზ კანდელაკმაც გაამდიდრა მოსკოვიდან, სტალინის კოლექციიდან ჩამოტანილი ნიმუშებით.

ქარხანა, რომელიც დღეს მელიქიშვილის ქუჩაზე დგას, გური კანდელაკის შთაგონებების სამყარო გახდა. იქვე, ქარხნის ეზოში იდგა ორსართულიანი სახლი, რომელშიც ქარხნის თანამშრომლები და გური კანდელაკის ოჯახი ცხოვრობდა. თამაზ კანდელაკი ისევ ღვინისა და შემოქმედების სამყაროში იზრდებოდა.  ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მწერლები, პოეტები, კომპოზიტორები… მათი საუბრისა და ცხარე კამათის მთავარი თემა ღვინო იყო. სწორედ აქ გაიგონა მამის შეგონებაც:“ღვინოს კი არ აკეთებენ, ღვინოს ქმნიან“.

 „ყმაწვილო, ნამდვილად აქ გინდათ ჩაბარება?“

თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი…

საგამოცდო კომისია და გამოცდების ციებ-ცხელება…

გამომცდელების წინაშე მდგომ ახალგაზრდას მეღვინეობის ფაკულტეტზე სურს სწავლა, თუმცა სკოლაში მიღებული წითელი დიპლომი მას უფრო მეტ შანსებს აძლევს, ვიდრე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, რომელიც სულაც არ ითვლებოდა პრესტიჟულ სასწავლებლად იმდროინდელ საქართველოში… მიმღები კომისიის მდივანი ეკითხება კიდეც ახალგაზრდას: „ყმაწვილო, ნამდვილად აქ გსურთ ჩაბარება?“ ახალგაზრდას ნამდვილად აქ სურს სწავლა, რადგან იგი თამაზ კანდელაკია და ქართული ღვინო კი – მისი ბედისწერა.

ინსტიტუტი დაამთავრა და კონიაკის ქარხანაში მუშად მოეწყო. „ყოველთვის სიამაყით იგონებდა ამ დროს,- გვიყვება მისი მეუღლე, მზია მელქაძე – ქარხანაში მისი მასწავლებელი და ამ დარგში სწორ გზაზე დამყენებელი იყო კონიაკის უბადლო მცოდნე ვახტანგ ციციშვილი“.

ცნობისთვის: ეს ის ციციშვილია, საგანგებოდ რომ შექმნა ბრენდი „ენისელი“ იალტის კონფერენციისთვის. ჩერჩილს, კონიაკის უბადლო მცოდნეს, ისე მოსწონებია, რომ თავის მემუარებშიც კი უხსენებია ეს სასმელი. შედეგად, სტალინმა საკუთარი სახელობის პრემიით დააჯილდოვა ვახტანგ ციციშვილი.

თამაზ კანდელაკმა თავის სფეროში გაიარა ყველა საფეხური რიგითი თანამშრომლიდან საქართველოს მთავარი მეღვინემდე. პარალელურად, სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა. იგი იყო საბჭოთა კავშირისა და საერთაშორისო ღვინის ექსპერტი, საქართველოს დამსახურებული მეღვინე, მეცნიერებათა დოქტორი, სადეგუსტაციო კომისიათა წევრი, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კონკურსებისა და გამოფენების ჟიურის წევრი, მეღვინეობისა და მევენახეობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი.

თამაზ კანდელაკი მონაწილეობდა ახალი ქართული ღვინოების, ბრენდების, ცქრიალა ღვინოების, ჭაჭისა და არაყის პროდუქციის შექმნაში.  182-მდე ჯილდო მიიღეს იმ ღვინოებმა, რომელთა შემქნელი ნაწილობრივ ან სრულად იყო თამაზ კანდელაკი. მათ აღიარება ჰპოვეს  ჩიკაგოში, ლონდონში, მაიამში, სინგაპურში, ჰონგკონგში, ბრიუსელში, სტამბლოში, პოზნანში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, თბილისსა და სხვა ქალაქებში.

იგი თავადაც ქმნიდა საავტორო ღვინოებს – „თამადა“, „ძველი თბილისი“, „ვაზისუბანი“, და სხვა. მისმა ღვინომ „ფიროსმანი“ ოქროს მედალი აიღო 1998 წელს.  ვერცხლის მედალი ხვდა წილად მის „განსაკუთრებულ არაყს“ (2001). დამსახურებულ მეღვინე ბონდო კალანდაძესთან ერთად დამზადებულ ღვინო „ბალანჩინს“ კი ბრინჯაო (1998).

„მისი ერთ-ერთი ღვინო „თამადა“, დღესაც იყიდება და შეფასებულია როგორც პრემიუმ კლასის სასმელი. 2010 წელს ამ ღვინის პრეზენტაცია ჩატარდა რუსეთში, საქართველოს საელჩოში და მას ჯილდოც გადასცეს. თამაზი ამ ღვინოს ქართულ კლასიკას უწოდებდა, შერწყმულს თანამედროვეობასთან“, – იხსენებს ქალბატონი მზია.

ქართული ღვინის გოლგოთა

70-80-იან  წლებში ნათელი გახდა, რომ მეღვინეობის განვითარებას სხვა რამ სჭირდებოდა – მეტი კრეატიულობა, ახალი ტექნოლოგიები, დიზაინი. ამის საშუალებას კი საბჭოური სისტემა არ აძლევდა ქართულ მეღვინეობას. „გული სწყდებოდა, რომ ქართული ღვინო ძალიან ჩამორჩებოდა იტალიურ თუ ფრანგულ ღვინოებს. ხედავდა ნოვატორული ცვლილებების აუცილებლობას…“, _ ბატონი თამაზის ნააზრევს გვაცნობს მისი მეუღლე, – „თამაზი ძალიან ნოვატორი იყო, ამიტომ როდესაც დადიოდა საზღვარგარეთ, მივლინებებში, ჩამოჰქონდა საუკეთესო აპარატურა და ენოთეკენისთვის საკოლექცი ღვინოები თუ ბრენდები“.

საბჭოურ პერიოდში ქართულმა ღვინომ დაკარგა ხარისხი, ავტორიტეტი, ღირსება, ისტორიული ღირებულება და ფასეულობა.

„რა ეშველება ქართულ ღვინოს?“ – სვამდნენ კითხვას მეღვინეები და ამ დარგის ქომაგები. არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ამაღლებული ხმა ზოგიერთი მეღვინისთვის პირად დრამადაც იქცა და გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. „სასტიკად იქნა დასჯილი ერთ-ერთი სამტრესტის დირექტორი, რომელმაც გაილაშქრა ამის წინააღმდეგ“, – დანანებით იხენებს ქალბატონი მზია.

თამაზ კანდელაკმა ამ პროცესის შესაჩერებლად გეგმა შეიმუშავა და 1993 წელს პარლამენტის წინაშეც წარსდგა ვრცელი მოხსენებით – საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის განვითარების პერსპექტიული გეგმა. მისი აზრით, ამ გეგმას დარგის  კატასტორფა უნდა აეცილებინა ქვეყნისათვის.

 

თამაზ კანდელაკი

 

„არ დამავიწყდება მისი გამშრალი სახე, სახლში რომ დაბრუნდა… – იხსენებს ქალბატონი მზია, –  რომ შემოვიდა, ფერი არ ედო. თურმე, მოხსენების დროს, სწორედ იმათ ჰქონდათ გაყინული სახეები, ვისაც უნდა განეხორციელებინა ეს გეგმა-პროექტი. მთელი რუდუნებით ემზადებოდა ამ მოხსენებისთვის, და… მისი მოსაზრებები არ იქნა გაზიარებული და ცხოვრებაში გატარებული.“

შემდეგ დადგა უმძიმესი 1990-იანები. პრივატიზაციის დევიზით იძარცვებოდა სახელმწიფო ქონება, 1 მანეთად ყიდდნენ ან ჩუქნიდნენ საწარმოებს. თამაზ კანდელაკის გამგებლობაში იყო საქართველოს უდიდესი სიმდიდრე – ღვინის ქარხნების ენოთეკები და დავით სარაჯიშვილის უნიკალური კოლექცია.

„თამაზი მთავარე მეღვინე და სამტრესტის უფროსი იყო ყველაზე მძიმე პერიოდში და ყოველთვის ღირსეულად გამოდიოდა ყველა სიტუაციიდან, თითქოს არ ეკარებოდა ყველაფერი ეს, მთელი ის სიბინძურე, რომელიც ხდებოდა. ხან ერთი სამხედრო დაჯგუფება უვარდებოდა კაბინეტში და ხან მეორე. იმპერატიული ტონით სთხოვდნენ ქარხნების გადაცემას. მის კოლეგებში მოარული ხუმრობა იყო: აგრესიულები შედიოდნენ კაბინეტში და იქედან, საქართველოს ისტორიისა და მეღვინეობის შესახებ ლექციების მოსმენის შემდეგ დაწყნარებულები გამოდიოდნენ“ – იხსენებს შიშითა და ხიფათით სავსე პერიოდს ქალბატონი მზია.

მზია მელქაძე – თამაზ კანდელაკის მეუღლე

 

ნოვატორი იყო და ხშირად ამბობდა, თურმე: სახელმწიფო ვეღარ უვლის ამ სიმდიდრეს და უნდა პარტონი მოუძებნოს. მას უნდოდა, რომ ღირსეული პატრონი ჰყოლოდა ჭავჭავაძიდან მოყოლებული რუდუნებით დაგორვებულ სიმდიდრეს.

წინანდლიდან Vinopolis-ამდე

თამაზ კანდელაკმა კარგად იცოდა როგორც ქართული, ასევე უცხოური მეღვინეობა, ამიტომ ხშირად ეპატიჟებოდნენ საერთაშორისო კონკურსებზე შემფასებლად. საქართველოშიც სულ მოგზაურობდა და ყველა კუთხიდან კრებდა არტეფაქტებს: ბრინჯაოს საკულტო ფიგურებს, ვაზის რელიეფურ გამოსახულებებს, ყანწებს, ქვევრებს, ვაზის ტოტებსა და ყურძნის წიპწებს. ქართველი მეციერები მუდამ მუშაობდნენ ჰიპოთეზაზე, რომ საქართველო ღვინის აკვანია და მუდმივად ეძებდნენ ამ ჰიპოთეზის უტყუარ მტკიცებულებას. ასეც მოხდა და მსოფლო მეღვინეობა და ისტორია თავდაყირა დააყენა ერთმა წიპწამ – „შულავერის კულტურაში“ აღმოჩენილი ყურძნის წიპწა, რომელზეც ღვინის მჟავა იყო შემორჩენილი, პენსილვანიაში გაიგზავნა ლაბორატორიული გამოკვლევისთვის.

მზია მელქაძე: „თამაზი სულმოუთქმელად ელოდა პასუხს ამერიკიდან და რომ მიიღეს პასუხი, რომელმაც დაადასტურა ქართული ნიმუშის სიძველე, პატარა ბავშვივით აღტაცებული იყო.“

ამ ანალიზმა დაამტკიცა, რომ ქართული ნიმუში 4000 წლით უფრო ძველი იყო, ვიდრე ჩრდილოეთ ირანში აღმოჩენილი ნიმუში.

აღმოჩენა, რომ საქართველო ღვინის აკვანია, უნდა ასახულიყო რაღაცაში და 1999 წელს ლონდონში მოეწყო ღვინის, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორიოს გამოფენა ვინოპოლისი (Vinopolis). ეს იყო ოდისეა, მოგზაურობა ღვინის ისტორიაში. გამოფენის პირველი ოთახი დაუთმეს საქართველოს და მისი მოწყობა დაევალა თამაზ კანდელაკს.

მზია მელქაძე: „მე ვერ აღგიწერთ, როგორი სიხარულით და მონდომებით მუშაობდა ამაზე. ეს იყო უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა. დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის საელჩოებთან მუდმივად მიმოწერა ჰქონდა, რომ ეს გამოფენა გაკეთებულიყო საერთაშორისო დონეზე. უძვირფასესი გამოფენა მიაწოდა საქართველოს მუზეუმიდან დავით ლორთქიფანიძემ – ზოგი ორიგინალი, ზოგი – ასლი. თავად დადიოდა ზარაფხანაში და არტეფაქტების ასლებს აკეთებინებდა სპეციალისტებს. მხატვრებთან და ხელოსნებთან ერთად განიხილავდა ყველა დეტალს. ეს გამოფენა პერიოდულად ახლდებოდა და დიდი ხნის განმავლობაში ეწერა , რომ იგი მომზადებული იყო თამაზ კანდელაკის მიერ“.

გამოფენამ გაუჩინა იდეა, გაკეთებულიყო წიგნი. ასე შეიქმნა ზღვა მასალიდან ოთხენოვანი (ქართლი, რუსული, ინგლისური და ფანგული) წიგნი-ენცილოპედია  „ვენახი, ღვინო და ქართველები“. წიგნი სახელმწიფო პრემიაზეც წარადგინეს, თუმცა მხოლოდ პარიზში, მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში დააჯილდოვეს საპატიო დიპლომით.

მზია მელქაძე: „სიკვდილამდე დარდობდა, რომ წიგნმა საქართველოში ვერ ჰპოვა აღიარება…“

თამაზ კანდელაკის ყველაზე დიდი ქომაგი

„რუსული ენის ფილოლოგი ვარ და მთელი ცხოვრება ამ სფეროში ვმუშაობ. თამაზის სიცოცხლეში ღვინოს გამოცნობაც არ ვიცოდი. სულ მეუბნებოდა, მეღვინის ცოლი ხარ და ღვინოს ტკბილად და მწარედ არჩევო. თამაზის გარდაცვალების შემდეგ იმდენ რამეს გავეცანი, რომ ამ საქმის პატრიოტი შევიქმენი. ამდენმა ფურცლებმა და ინფორმაციამ, ლამისაა გადამრიოს… „ – ღიმილით ამბობს მზია მელქაძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.

ქალბატონმა მზიამ მეუღლის მთელი ცხოვრება – ფოტოები, დოკუმენტები და მოგონებები ერთად შეკრიბა. უკვე მე-4 წელია ამ საქმეს აკეთებს და საკუთარი პროფესია და მეცნიერული საქმიანობა გვერდზე გადადო. „საერთაშორისო კონფერენციისთვის თემა მაქვს გასაკეთებელი და ვერ დავჯექი, რომ მოვამზადო, აი, ესენი არ მასვენებენ“ – ამბობს ქალბატონი მზია და მაგიდაზე გაშლილ გაყვითლებულ ფოტოებსა და ხელმაწერებზე მიგვითითებს.

„თამაზისთვის ბოკალში ჩასხმული ღვინო ხელობა არ იყო“ – სიამაყით ამბობს ქალბატონი ლია და იხსენებს იმ ფრანგულ ამბავს, რომლიც ამ სტატის დასაწყისში მოგიყევით.

ახალი მეღვინის მოლოდინში

„მეღვინის ტრადიცია ჯერ არ გრძელდება. მე და თამაზ ორი ქალიშვილი გვყავს – ერთი ექიმია, მეორე კი დიპლომატიურ სამსახურშია. მათ ჰყავსთ 4 ვაჟი, და ჯერჯერობით ვერ ვხედავ მათ შორის მეღვინეს, მაგრამ თავს იმით ვიიმედებ, რომ ჯერ პატარები არიან. უფროსი უკვე 26 წლისაა და მან უკვე მიიღო განათლება საზღვარგარეთ და სულ სხვა მიმართულებით წავიდა, მაგრამ დანარჩენი სამი პატარაა და ძალიან მინდა რომელიმე მათგანი ბაბუის კვალს გაჰყვეს. ნაბოლარას თამაზი ჰქვია და იქნებ ამან გაჭრას…“

 

ავტორი: თინათინ დვალიშვილი