საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მეოთხე წელია, ატარებს „ქართული ღვინის ეროვნულ კონკურს“-ს, რომლის მიზანია, გამოავლინოს საქართველოში წარმოებულ ღვინოებს შორის საუკეთესოები.

კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო.

კონკურსში, ტრადიციულად, მონაწილეობს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების თითქმის ყველა საწარმო, მათ შორის – მცირე მარნებიც.

წარმოდგნილი იქნება 14 კატეგორია: ცქრიალა ღვინო (თეთრი ბრუტი); თეთრი მშრალი ღვინო; წინანდალი; ქვევრის თეთრი ღვინო; ვარდისფერი ღვინო; წითელი მშრალი ღვინო; საფერავი; პრემიალური საფერავი; მუკუზანი; ქვევრის წითელი ღვინო; უსახელოური; ხვანჭკარა; ქინძმარაული; ჭაჭა.



კონკურსის პროფესიული ჟიურის წევრები არიან ენოლოგები და სომელიეები, ხოლო “სახალხო ჟიური“-ში მოწვეული არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები.

პროფესიული ჟიურის თანათავმჯდომარეები არიან:

სტივენ სპურიე – მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი ღვინის ექსპერტი, ჟურნალ “დეკანტერი”-ს (Decanter) კონსულტანტ-რედაქტორი, საფრანგეთში ღვინის აკადემიის (Academie du Vin) და ქრისტის (Christie’s) ღვინის კურსების დამფუძნებელი, ღვინის წიგნების ავტორი;

შალვა ხეცურიანი – საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი.

გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოება გაიმართება 8 ოქტომბერს.





დაჯილდოების ცერემონიალის ფარგლებში მოხდება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ სომელიესა და ასისტენტ სომელიეს სტატუსების მინიჭება. ასევე, თბილისის ღვინის სკოლის (მათ შორის, WSET-ის) კურსდამთავრებულთათვის –  სერტიფიკატების გადაცემა.



ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის საზეიმო დაჯილდოებაზე ტრადიციულად, როგორც წინა წლებში, უკვე მეოთხედ დასახელდება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაწესებული “ქართული ღვინის ორდენი“-ს სამი კავალერი.


ღვინის საწარმოებისათვის კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

ღვინის ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადაა  – 2017 წლის 15 სექტემბერი.

მისამართი: საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, თბილისი,

ფალიაშვილის ქუჩა#31, პირველი სადარბაზო, მესამე სართული, ოფისი 6.

საკონტაქტო პირები: ანა ხითარიშვილი 599688776; ნატო გუბელაძე 599107794

დამატებითი ინფორმაცია:

  • საქართველოს სომელიეთა ასოციაცია 2003 წელს დაარსდა და ამავე წლიდან მოქმედებს „თბილისის ღვინის სკოლა“;
  • 2014 წლიდან საქართველოს სომელიეთა ასოციაცია  საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) სრულუფლებიანი წევრია;
  • მსოფლიოში ცნობილ ავსტრიულ კომპანია „RIEDEL“-თან ერთად და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ შექმნა „საფერავი“-ს ექსკლუზიური ბოკალი;
  • ღვინის ეროვნული სააგენტოსა და “მარანი ხეცურიანი”-ს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი ღვინოზე “ღვინის ნულოვანი მერიდიანი”. ფილმმა უკვე რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის პრიზი მოიპოვა.