საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, „ღვინობის თვის“ ფარგლებში, 20-21 ოქტომბერს, საქართველოში პირველად გაიმართა კონკურსი  „საქართველოს საუკეთესო სომელიე – 2018“. კონკურსში მონაწილეობდნენ ის პროფესიონალი სომელიეები, რომელთაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ოფიციალურად აქვთ მინიჭებული სომელიეს ან ასისტენტ სომელიეს სტატუსი.

კონკურსს ჰყავდა მაღალკვალიფიციური ჟიური, მათ შორის – უცხოური, ხოლო თავმჯდომარე იყო საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, “მარანი ხეცურიანი”-ს დამფუძნებელი, ბატონი შალვა ხეცურიანი. 20 ოქტომბერს შედგა ფინალისტების შესარჩევი ტური, რომლის შედეგადაც 10 სომელიედან ფინალში გადავიდა – სამი.  ხოლო ფინალი გაიმართა 21 ოქტომბერს Republic Event Hall-ში, სადაც გამოვლინდა  2018 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე. გამარჯვებულს გადაეცა  “საქართველოს საუკეთესო სომელიე“-ს  თასი . ასევე – სხვადასხვა ღვინის მწარმოებლის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები და საჩუქრები.

2018 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე  მომავალი წლის მარტში გაემგზავრება ბელგიაში, სადაც საქართველოს სახელით იასპარეზებს კონკურსში “მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2019”. კონკურსის ფინალისტთა საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალზე გამოცხადდა საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის ასამბლეის ფარგლებში, 2018 წლის ივნისში გამართული „Saperavi Grand Tasting“-ის შედეგები, სადაც ქართველი და უცხოელი მეღვინეებისა და სომელიეების მიერ დადგინდა საფერავის ძირითადი ორგანოლეპტიკური მახასიათებლები.

აქვე გახდა ცნობილი თბილისის ღვინის სკოლის 2018/2019 სასწავლო წლის დასაწყისის შესახებ.