სასმისის ისტორია

მეთვრამეტე საუკუნე, კახეთი, გვიანი შემოდგომა.

ბრძოლებით დაღლილი მეფე ერეკლე თელავში, საკუთარ სასახლეში ნადიმობს. სუფრას განთქმული კახური ოქროსფერი ღვინო ამშვენებს.

ლხინია, მეფე ლაღობს და თანამეინახენიც გულმხიარულად არიან, საყვარელი მეფის ლაღად ყოფნით. მონადიმეებს თავზე დასცქერიან ხელგოზაურიანი მერიქიფეები, რათა ცარიელი ქაშანურები სასწრაფოდ შეავსონ კახური ოქროთი.

ენამზეობს ნოდარ მაჩაბელი და ქართულ სუფრას საოცარ ეშხსა სძენს მისი მახვილსიტყვაობა, რომელიც ხანდახან თვით მეფესაც მისწვდება, კაფიაში გამოსაწვევად. მეფე ხვდება და იღიმება, არაფერს ამბობს. მის გულის კუნჭულში რაღაც იდუმალ კაეშანს დაუდია ბინა. სუფრას ერთი ლამაზად მოვარაყებული ვერცხლის სურა ამკობს…

საღამოვდება და კავკასიონიდან არნახული სილამაზე და სისპეტაკე გამოსჭვივის. ნადიმი ჯერ ნახევრამდეც არაა მისული.

მეფე გახედავს ალაზნის ველს და რატომღაც ზამთარი მოენატრება…

რაღაცით ხვდება მაჩაბელი მეფის გულისწადილს და ”ზამთარიას“ დააგუგუნებს სუფრეული. ერეკლე ცრემლებს შეიკავებს და ქაშანურს მიეძალება. მეფეს ოქროსფერი კახური მალამოდ ჩაეღვრება გულში და სიამოვნების ჟრჟოლას მოჰგვრის.

შესმულ ღვინოს შემოდგომის ჰაერს დააყოლებს ერეკლე ხარბად.

მერე სასახლის კარზე გაქაფულ ცხენს მოაგდებს მსტოვარი. პირდაპირ სუფრასთან მიიჭრება და იტყვის:

თარეშია, მეფევ ბატონო, ლეკები…

წყდება სუფრეული, სიმღერა, ღვინის სმა, ლხინობა.

– საიდან შემოვიდნენ? -იკითხავს ჯერ კიდევ სუფრასთან მჯდომი წარბშეკრული მეფე ხმამაღლა.

– შილდიდან, მეფეო, – არის პასუხი.

ერეკლე არ კითხულობს მტრის რაოდენობას. არასდროს არ კითხულობს…

უცებ მეფე ვერცხლის ლამაზად მოვარაყებულ სურას სტაცებს ხელს და სწორ და ყარყარა ყელს მოუგრეხს და დაიყვირებს მჭექარე ხმით – ასე მოვუგრეხ ყველას კისერს, ვინც ჩემს სამშობლოში თარეშს არ მოეშვებაო. სურიდან ოქრო დაიღვრება მეფის სუფრაზე.

ლხინიდან პირდაპირ ბრძოლაში მიდის ერეკლე სწრაფად…

ასე დაიბადა კიდევ ერთი ღვინის სასმისი ქვეყანაზე, რომელსაც ყელი აქვს მოხრილი და იმ დღის მერე ყარყარა ეწოდება, და რომელზეც ერთი უცხოელი მოგზაური იტყვის წლების მერე: ქართველებმა მოიგონეს ღვინის სასმისი, რომელიც უღვინოდაც კი ათრობს ადამიანსო…